მოსკოვში საქართველოს და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა


საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი მოსკოვში 19 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდი.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე 19 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პატრიარქს, კირილს შეხვდა.

ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კირილის 65 წლის იუბილეს აღსანიშნავად 18 ნოემბერს ჩავიდა.

„თქვენთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა ჩვენთვის – არ აქვს მნიშვნელობა, სად ხდება ეს, მოსკოვში თუ კიევში, როგორც ეს წელს მოხდა, რადგანაც… თქვენთან ურთიერთობის ნებისმიერ შესაძლებლობას აუცილებლად კარგი შედეგები მოაქვს“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მისი თქმით, ერთ–ერთი „კარგი შედეგი“, რომელიც ორ ეკლესიას შორის ურთიერთობამ უნდა მოიტანოს, საქართველოს და რუსეთს შორის და ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

„ეს არის ორი ერთმორწმუნე ერი, მეზობელი ერი, რომლებიც ასწლეულებია ერთად ცხოვრობდნენ. მაშინაც კი, როდესაც ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემებს ეკუთვნოდნენ და სხვადასხვა სახელმწიფოებში იმყოფებოდნენ, როგორც მაშინ, როდესაც ისინი ერთ სახელმწიფოში იყვნენ, თბილი მეგობრული ურთიერთობები ყოველთვის აკავშირებდნენ მართლმადიდებელ რუსებს და მართლმადიდებელ ქართველებს. ჩვენ ვლოცულობთ და ვშრომობთ, რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს, რადგანაც მიგვაჩნია: ვერანაირი გარე სირთულეები ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტს ვერ დაანგრევს, რადგანაც მათი საფუძველი ისაა, რომ ისინი წმინდა მართლამადიდებლურ ეკლესიას მიეკუთვნებიან“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიებს შორის ახლო ურთიერთობები წარმოადგენს „მყარ ფუნდამენტს ჩვენი ქვეყნებისთვის, მთავრობებისთვის – მათ ჩვენი ეკლესიებისგან უნდა აიღონ მაგალითი“. მან ასევე განაცხადა: „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რუსეთის ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას“.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა განაცხადა შეხვედრის დროს, რომ „ის გაუგებრობა, რომელსაც ჩვენ სახელმწიფოებს შორის ჰქონდა ადგილი, მოგვარებადია“.        

„და ჩვენ – პატრიარქებმა და ეკლესიებმა – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს. ის კონფლიქტები, რომელთაც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ჰქონდა ადგილი, ღია ჭრილობებად რჩება. ისინი უნდა მოშუშდეს. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ილია მეორემ. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)