საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხის ახალი მმართველი
საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი მესამე არხი, „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ (PIK) ერთწლიანი მართვის უფლებით კომპანია „ალანიას“ გადაეცა, რაც ოფიციალური ხელშეკრულებით 16 იანვარს გაფორმდება.
შპს „ალანია“, რომლის გენერალური დირექტორი არის ალექსანდრე ფარულავა, რუსულენოვანი ტელეკომპანია „რეგიონ TV”–ს მფლობელია.
„ალანია“ 2012 წლის ბოლომდე მართავს PIK–ს და მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ამ მიზნით 14 მლნ ლარი გამოეყოფა. საზოგადოებრივი მაუწყებელი წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 49.6 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს.
PIK–ის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ტენდერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა.
ტენდერის პირობების მიხედვით, ახალი მმართველი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადე შეადგინოს და შეავსოს, როგორც ძირითადი, ასევე მის მიერ დამზადებული ან შეძენილი, მათ შორის PIK–ის ეთერში უკვე გაშვებული პროგრამებით ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არხზე დღეში არანაკლებ 18 საათიანი პროგრამული უზრუნველყოფა. მმართველმა ასევე უნდა უზრუნველყოს სატელევიზიო არხის ვებ-გვერდის პერიოდული განახლება და ვებ-მაუწყებლობის უზრუნველყოფა.
რუსულენოვანი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლის ბაზაზე 2010 წლის იანვარს ჩამოყალიბდა. მან სრულფასოვანი სატელიტური მაუწყებლობა შარშან 25 იანვარს დაიწყო.
ამ არხს დღემდე კერძო კომპანია შპს ”ქეი 1” უძღვებოდა, რომელმაც მართვის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან 2010 წლის ივლისში მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)