PACE-ს მომხსენებლები საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ
საქართველოს „ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, ვინაიდან ვერ მოხერხდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა, რაც თითოეული ხმის თანაწონადობის პრინციპის დარღვევას იწვევს, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ორმა თანამომხსენებელმა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში.
ანგარიში, რომელიც თანამომხსენებლების საქართველოში ოქტომბერში ვიზიტის საფუძველზე მომზადდა, 26 იანვარს გამოქვეყნდა და იგი მართლმსაჯულების აღსრულების და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
ანგარიშში კასტრიოტ ისლამი და მაიკლ იენსენი, თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების თაობაზე, ასევე ახალ კოდექსში ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას.
თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ „სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ახალი საარჩევნო კოდექსის თაობაზე, განსაკუთრებით კი, საარჩევნო სისტემის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ახალი პარლამენტი უნდა იქნას არჩეული“.
ვენეციის კომისია უკვე დიდი ხანია ურჩევს საქართველოს უზრუნველყოს ხმების თანასწორობის უზრუნველყოფა დაახლოებით თანაბარი ზომის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნის გზით. კომისიის თქმით, სხვაობა ოლქებს შორის – რაც ყველაზე მცირე ოლქში, დაახლოებით, 6 000 ამომრჩევლიდან ყველაზე მსხვილ ოლქში 150 000–ზე მეტ ამომრჩეველს შორის მერყეობს – „ძირს უთხრის ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპს“.
ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც იანვარში შევიდა ძალაში, ამ სისტემას მთლიანობაში უცვლელად ტოვებს. მომავალ პარლამენტში 73 მანდატს 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები მიიღებენ, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი პროპორციულად, პარტიული სიით გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.
მოხსენების თანახმად, მმართველი პარტიის წინადადებებზე დაყრდნობით მიღებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმ ნაკლოვანების აღმოფხვრას, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებს შორის არსებულ უთანაბრობა ეხება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ხელისუფლების არგუმენტი, რომ ამჟამად არსებული რაიონული [საარჩევნო ოლქების] საზღვრები საჭიროა იმისათვის, რომ რეგიონალური უმცირესობები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში, ჩვენი აზრით, სუსტია. ბევრად უკეთესი, ევროპული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას პარლამენტში უმცირესობების წარმომადგენლობა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება,” – ნათქვამია ანგარიშში.
„ჩვენი აზრით, სხვა საარჩევნო სისტემები, როგორიცაა რეგიონალურ პროპორციული სისტემა, რომლის რეკომენდაციაც ასამბლეამ რამდენჯერმე გააკეთა, უფრო კონკურენტიან საარჩევნო გარემოს შექმნიდა არსებულ ვითარებაში“, – ნათქვამია თანამომხსენებლების ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ერთმანდატიანი ოლქების არათანაბარი ზომის საკითხს თუ არ ჩავთვლით, სხვა მხრივ არსებული საარჩევნო სისტემა „შესაფერისია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“.
პრობლემები მართლმსაჯულების სისტემაში
მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით ანგარიში აღნიშნავს, რომ „ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მიღწეული პროგრესი უდავოა, თუმცა ხარვეზები მაინც რჩება“.
„გავრცელებული ცნობებით, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები ძირითადად შეინიშნება სისხლის და ადმინისტრაციულ სამართლის იმ საქმეებში, სადაც სახელმწიფოს შეიძლება თავად ქონდეს პირადი ინტერესი. სამოქალაქო სამართლის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ცნობები არ ყოფილა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე დასძენს, რომ „ხელისუფლება გულგრილი ჩანს იმ საქმეების გამოძიების მიმართ, რომლებიც სამართალდამცავებისა და სახელმმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დარღვევებს ეხება“.
ხაზს უსვამს რა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების დამაჯერებლად და ეფექტურად გამოძიებასთან“ დაკავშირებულ პრობლემებს, ანგარიშში მაგალითად მოყვანილია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი.
თანამხსენებლები აღნიშნავენ, რომ მათთან შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ გირგვლიანის საქმე „მგრძნობიარეა“, მათ შორის იმიტომაც, რომ მისი „პოლიტიზირება“ ოპოზიციამ მოახდინა.
„ამჟამად ხელისუფლება [სტრასბურგის] სასამართლოს განაჩენის აღსრულების საკითხს ევროპის საბჭოს შესაბამის დეპარტამენტებთან განიხილავს. ხელისუფლებამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ ევროპის საბჭოსთან და ნებისმიერ მათ მიერ მიცემულ მითითებას შეასრულებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ მოხსენებაში, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხაზი გაუსვეს, რომ შეცდომა ნებისმიერმა მთავრობამ შეიძლება დაუშვას, მაგრამ „სურვილი, რომ დამაჯერებლად იქნას გამოძიებული და მოგვარდეს ნებისმიერი სავარაუდო შეცდომა და ხარვეზი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის ხარისხის მაჩვენებელია“.
„ჩვენი აზრით არსებული ხარვეზების მოგვარება თავად საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია: მათ ძალიან გრძელი გზა გაიარეს სასამართლო სისტემის რეფორმასთან მიმართებაში და რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა, ბევრი თვალსაზრისით, სამაგალითონი არიან. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გამოსწორებისადმი გულგრილობა საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)