თბილისი აფეთქების მცდელობას ‘სერიოზულ გამოწვევად’ აფასებს

თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობის გამოძიება ქართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის „უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 14 თებერვალს.

მან მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

იმავე დღეს მოგვიანებით გაკეთებულ წერილობით განცხადებაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად შეშფოთებულია თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე თავდასხმის მცდელობის გამო და აღნიშნულ ფაქტს  განიხილავს როგორც "ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას" ჩვენი სახელმწიფოსათვის. ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა სათანადოდ იქნას გამოძიებული აღნიშნული  ფაქტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქართველი სამართალდამცავები საქმის გამოძიებაზე მჭიდროდ თანამშრომლობენ კოლეგებთან ისრაელიდან.

იმავე დღეს, როდესაც თბილისში ისრაელის საელჩოს მძღოლმა თავის Hyundai Getz–ში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, ნიუ დელიში ისრაელის საელჩოს მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც ისრაელის დიპლომატის მეუღლე და კიდევ სულ ცოტა სამი ადამიანი დაშავდა 13 თებერვალს.

ინდოეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ნიუ დელიში „მაგნიტური მოწყობილობა“ ისრაელის საელჩოს მანქანაზე იყო მიმაგრებული.

შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი განსაზღვრება –  „მაგნიტური მოწყობილობა“ – თბილისში ნაპოვნ მოწყობილობასაც მიესადაგება.

14 თებერვალს მან განუცხადა Civil.ge-ს, რომ აფეთქების შემთხვევაში მოწყობილობის სამიზნე მანქანის მგზავრები და მანქანის ახლოს მდებარე პირები გახდებოდნენ, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ისეთი მძლავრი არ ყოფილა, რომ საელჩოს შენობა დაეზიანებინა იმ შემთხვევაში, თუ ის საელჩოსთან ახლოს იქნებოდა გაჩერებული. 

თბილისის და ნიუ დელის ინციდენტებიდან ცოტა ხანში, ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი და ჰეზბოლა დაადანაშაულა ნიუ დელიში მომხდარ აფეთქებაში და თბილისში აფეთქების მცდელობაში.

ირანმა უარყო ბრალდებები და მას თეირანის წინააღმდეგ ისრაელის „ფსიქოლოგიური ომის“ ნაწილი უწოდა. თეირანის თქმით, ისრაელმა თავად მოაწყო ინციდენტები, რათა ირანის "მეგობრული ურთიერთობები" გაეფუჩებინა ინდოეთთან და საქართველოსთან.  2010 წლის იანვრიდან ირანს 45–დღიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს საქართველოსთან.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა და აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც თბილისსა და ნიუ დელიში მომხდარი ინციდენტები დაგმეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს საღამოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „გმობს ნიუ დელიში ისრაელის საელჩოს კუთვნილი ავტომანქანის აფეთქებას, რომელსაც მოჰყვა მსხვეპრლი, ისევე როგორც გმობს თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომანქანაზე თავდასხმის მცდელობას“.

საქართველოს ვიცე–პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ თბილისსა და ნიუ დელიში მომხდარ ინციდენტს შორის კავშირზე ყურადღება არ გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში არა საელჩოს მანქანაზე, არამედ საელჩოს თანამშრომლის პირად მანქანაზე იქნა აღმოჩენილი.

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი იყოს,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს 14 თებერვალს.

საქართველოს სამმა ნაციონალურმა მაუწყებელმა – "რუსთავი 2"–მა, "იმედმა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა თავდაპირველად ყურადღების მიღმა დატოვეს ეს ინციდენტი და პირველად ის მხოლოდ 13 თებერვლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში ახსენეს. 13 თებერვალს სამი ტელევიზიიდან მხოლოდ "რუსთავი 2"–მა გაუშვა აფეთქების მცდელობის შესახებ სიუჟეტი მთავარ თემად 9 საათიან „კურიერში“, ხოლო დანარჩენმა ორმა  – საინფორმაციო გამოშვებები სხვა თემებით დაიწყეს. „იმედის“ მთავარი თემა მომღერალ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესაძლო მიზეზები იყო, ხოლო პირველი არხის – საბერძნეთის არეულობები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)