საპარლამენტო არჩევნების ვადის შეცვლაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა

ორგანიზაცია „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“ საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს სარჩელს, სადაც მოითხოვს, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ნაცვლად ჩატარდეს მაისში ან არაუგვიანეს ივნისის თვისა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები – 2013 წლის იანვარში.

კონსტიტუციაში 2006 წელს მიღებული შესწორებებით განსაზღვრულია, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა 4 წელს, ხოლო პრეზიდენტის – 5 წელს მოიცავს.

მოქმედი პარლამენტიც და პრეზიდენტიც რიგგარეშე არჩევნების გზით იქნენ არჩეულნი, შესაბამისად, 2008 წლის 21 მაისსა და 2008 წლის 5 იანვარს. მორიგი არჩევნების ჩატარების დროდ კი კონსტიტუცია ოქტომბრის თვეს განსაზღვრავს, რაც არ ემთხვევა არც პარლამენტისა და არც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროს.

“ამით ირღვევა ვადები – პრეზიდენტს ვადა უხანგრძლივდება 10 თვით, ხოლო პარლამენტს 6 თვით“, – განაცხადა „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“–ს ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა 16 თებერვალს.

“სარჩელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადის ცვლილებას ეხება“, – განმარტა მან და დასძინა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დაამყაროს წესრიგი და გააუქმოს ეს ნორმები“, რომლებიც მორიგი არჩევნების ოქტომბერში გამართვის წესს ეხება.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ 30 დღე აქვს იმისათვის, რომ ჩასატარებელი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების  კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელი განიხილოს. ამგვარი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

კანონმდებლობით, პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ნიშნავს არაუგვიანეს 60 დღით ადრე.

ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს არჩევნების თარიღების კორექტირების თაობაზე, საპარლამენტო არჩევნები, სარჩელის შეტანიდან, დაახლოებით, 90 დღეში შეიძლება გაიმართოს.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საჭირო გახდება ასევე კონსტიტუციის იმ ნორმების გადახედვა, რომლითაც ახალი დებულებების უმეტესობის ამოქმედება კონკრეტულად მიბმულია 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო რიგი დებულებების ძალაში შესვლა – 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

მიხეილ დევდარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ზუსტი დრო არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცედურა „უახლოეს მომავალში“ განხორციელდება.

ცოტა ხნის წინ მისი ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა და მას 8 თებერვალს ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა იმ მოტივით, რომ ამ ორგანიზაციასთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას.

„ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ დამფუძნებელი და  ხელმძღვანელი იყო კოკი იონათამიშვილი, რომელიც ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ 2010 წლიდან თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან მუშაობდა მისი აპარატის უფროსად, ხოლო იმავე წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად თბილისის საკრებულოს წევრი გახდა ნაციონალური მოძრაობის სიით.

თუმცა, ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ფინანსური საქმიანობის „ანალიზის“ შედეგად, კონტროლის პალატამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“– ს „კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არ დადგინდა“.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის გაჩენაზე განაცხადა, რომ ამ ინიციატივის უკან მმართველი პარტია დგას, რადგან ეს მის ინტერესებში შედის.

თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნები ვადამდე არ ჩატარდება და ის კონსტიტუციურ  ფარგლებში, ოქტომბერში გაიმართება. დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ის ამაში „100 პროცენტით დარწმუნებულია“. მმართველ პარტიას ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ მოუწია იმის მტკიცება, რომ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების გადმოწევა არ იგეგმება.   

ზურაბ აბაშიძემ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, რომლის პარტიაც ოპოზიციონერ მილიარდერთან ბიძინა ივანიშვილთან კოალიციურ ურთიერთობებშია, განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება ყველა გამოწვევისათვის არის მზად.

"მთავარია, არჩევნების ჩატარება კანონიერ ვადებში მოხდეს და თუ ეს ასეა, მზად ვართ, გავიდეთ და დავამარცხოთ ეს ხელისუფლება ნებისმიერ დროს, მათ შორის მაისშიც. ეს არის კოალიციის პოზიცია", – განუცხადა აბაშიძემ „ სააგენტო ინტერპრესნიუსს".

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ინტერესში არჩევნების გაზაფხულზე გამართვა არ შედის, რადგან ასეთ ვარიანტში, მხოლოდ მმართველ პარტიას ექნება ეფექტური კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა, განსხვავებით ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკური ძალისაგან მისი თქმით, ეს ასევე ხელს შეუშლის სპეციალურ კომისიას დაასრულოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება–ფორმირების პროცესი.

ამ საკითხმა განაახლა დებატები არჩევნების თარიღების ირგვლივ,  რაც ოთხ წელიწადზე მეტი ხნის წინ ოპოზიციის იმ კამპანიის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციები მოყვა.

2007 წელს მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელშიც ის პარტიები და პოლიტიკოსებიც შედიოდნენ, რომლებიც ახლაც საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ პოლიტიკურ არენაზე, ზოგიერთები კი ივანიშვილის მოკავშირეები არიან, კამპანია წამოიწყეს არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნით, ნაცვლად შემოდგომისა, როგორც მაშინ ამას კონსტიტუცია ითვალისწინებდა. იმ დროს ოპოზიციური კოალიცია აცხადებდა, რომ არჩევნების ჩატარება შემოდგომაზე უკანონოდ გაზრდიდა პარლამენტის უფლებამოსილების ვადას.

არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარება ერთ–ერთი იყო იმ ოთხი მოთხოვნიდან, რომელსაც ოპოზიციური კოალიცია 2007 წლის ნოემბერში ქუჩის საპროტესტო აქციების გზით აყენებდა. მაშინდელი საპროტესტო აქციები ძალადობრივად დასრულდა, რადგან სპეცრაზმმა 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია დაარბია, ამას მოყვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა და იანვარში ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვადამდელ არჩევნებთან  ერთად 2008 წლის იანვარში პლებისციტიც ჩატარდა, სადაც ამომრჩევლებმა საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირეს მხარი. შედეგად, ამჟამინდელი პარლამენტი 2008 წლის მაისში იქნა არჩეული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)