ხელისუფლებას უცხოელი დამკვირვებლების მოწვევისკენ მოუწოდებენ

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ "უმოკლეს ვადაში" მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში შეიტანეს მიმართვები თხოვნით, რომ ხელისუფლებამ მოიწვიონ ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვრვებლო მისია, რომელიც „უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე“. მიმართვას ხელს აწერს 82 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მოწვევის საფუძველზე აგზავნის.

ჩვეულებისამებრ, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განთავსება ხორციელდება არჩევნების დღემდე ექვსი–რვა კვირით ადრე.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღემდე ხუთი კვირით ადრე განთავსდა, ხოლო 2003 წელს მისიამ საქმიანობა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო და ამის მოტივად არჩევნების მიმართ „საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი ინტერესი“ დაასახელა. მოგვიანებით, ამ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაუქმდა.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა ასევე თხოვნით მიმართეს ეუთოს და ODIHR–ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე, „რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს“.

28 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები „მნიშვნელოვანი გამოცდა“ იქნება.
 
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა და ჩვენი პრინციპის საკითხია, რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რომელიც როდესმე ჩატარებულა საქართველოში“, – განაცხადა მან.

„ამისთვის ჩვენ ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, წინასწარი დაკვირვებისთვის, არჩევნების დღის დაკვირვებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინტერესია, ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)