გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა
სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ 15 მარტს პრეზიდენტ სააკაშვილთან და თავის ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან გამართა მოლაპარაკებები.
“საუბრისას, ყურადღება საქართველოს და გერმანიის ურთიერთობის მრავალმხრივ ფორმატზე გაამახვილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხნენ და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზეც იმსჯელეს,“– იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.
გრიგოლ ვაშაძემ გერმანელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გაიმართა „ძალიან შინაარსიანი განხილვა ყველა იმ საკითხის, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში“.
„მინდა ხაზი გაუსვა გერმანიის სრულ მხარდაჭერას“ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების კუთხით, განაცხადა ვაშაძემ.
ვესტერველეს განცხადებით, გერმანია აფასებს საქართველოს წვლილს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში და ჩიკაგოში მაისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ელის იმპულსების გაღრმავებას საქართველოს ალიანსთან დაახლოების კუთხით.
მან ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იქვე იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და მოსკოვი პრაგმატული ნაბიჯებით შეძლებენ ურთიერთობების ნორმალიზებას.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე სტუმრობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრები გამართა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)