შეერთებულმა შტატებმა საქართველოში წვრთნებისთვის ჯავშანმანქანები ჩამოიტანა

MRAP–ის სახელით ცნობილი ჯავშანმანქანა ერაყში პენტაგონის ფოტოზე, 2007 წლის ნოემბერი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში MRAP-ის სახელით ცნობილი 28 ერთეული ქვეითთა ჯავშანმანქანა ჩამოიტანა იმ ქართველი ჯარისკაცების გასაწვრთნელად, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის ემზადებიან, განაცხადა საქართველოში აშშ–ის საელჩომ 11 აპრილს.
საელჩოს მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ 10–12 აპრილს მანქანების ტრანსპორტირება ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით განხორციელდება.
„აღნიშნული ჯავშანმანქანები ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი. მანქანები იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად ჩამოიტანეს, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისათვის წვრთნიან“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აშშ–ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, რობერტ გეითსმა განუცხადა USA Today-ს შარშან, რომ MRAP ათჯერ უფრო უსაფრთხოა „ჰამერის“ ტიპის დაჯავშნულ მანქანაზე და უკეთესად იცავს ქვეითებს.
The New York Times-ის ცნობით, იმის გამო რომ გზებზე დადებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ავღანეთში განთავსებული სამხედროებისთვის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება, პენტაგონმა ათასობით MRAP–ები გააგზავნა ავღანეთში და ახლა ამ ჯავშანმანქანის შედარებით მსუბუქ და უფრო მანევრირებადი მოდელის შექმნაზე მუშაობს.
შარშან ზაფხულში აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქართულ ბატალიონს, რომელიც იმ დროს ავღანეთის მისიისთვის ემზადებოდა, 40 ერთეული "ჰამერის“ ტიპის მანქანა გადასცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)