სააკაშვილი კრემლს: ‘ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე’
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედვედევის განცხადებაზე კომენტარი 26 აპრილს რუსთავში ახალი ავტოდრომის გამოცდისას გააკეთა. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს შესახებ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მზად არის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოსკოვის ხელშეკრულებით გამყარებული თანხმობის სანაცვლოდ ხელისუფლებიდან წავიდეს.
26 აპრილს რუსულ ტელეკომპანიებთან ინტერვიუში მედვედევმა ახლო მეზობლებთან ურთიერთობაზე, მათ შორის საქართველოსთან არსებულ „ნამდვილ ომზე“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო და მისი ხალხი რუსეთისთვის „ძვირფასი“ და „ახლობელია“ და სააკაშვილის შემდგომ ლიდერთან რუსეთი მზად იქნება ურთიერთობები მოაგვაროს.
„რაც შეეხება საქართველოს, აქ ისტორია გაცილებით სევდიანია“, – განაცხადა მედვედევმა, „ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი, თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოს პატარა ყოფილ ნაწილებზე, რაც ცნობილია რითიც დასრულდა. მათ წაუთაქეს თავში, და ჩვენ იძულებული ვიყავით გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად“.
„ჩვენ – მე, ჩემს მეგობრებს, პარტნიორებს, ამხანაგებს – დარწმუნებული ვარ მთელს ჩვენს ერს არ აქვს არანაირი ანტიპათია საქართველოს მიმართ. პირიქით, საქართველო – ჩვენთვის ახლობელი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ახობელია და ძვირფასი“, – განაგრძო მან, „და ჩვენ ის, სხვათაშორის, არაერთხელ გადაგვირჩენია, რაც არ უნდა ილაპარაკონ ცალკეულმა პოლიტიკანებმა საქართველოში“.
„ამიტომ სააკაშვილი – ცარიელი ადგილია, ნულია“, – განაცხადა მედვედევმა თავისი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, „ის ადრე თუ გვიან წავა პოლიტიკური ისტორიიდან, და სხვა ნებისმიერი ლიდერი ქვეყნისა, რომელიც იქ მოვა, ჩვენ მზად ვართ მასთან დავამყაროთ ურთიერთობები, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც ისინი იქნებიან მზად“.
სააკაშვილი ამ განცხადებას რუსთავში, ავტოდრომზე სტუმრობისას გამოეხმაურა.
„მათ უნდათ საქართველოს მთავრობის გამოცვლა იმის გამო, რომ მათ უნდათ მოიყვანონ ისეთი ძალა, რომელიც ირიბად ან პირდაპირ პირდება, რომ ის დააკანონებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას; ის შეწყვეტს საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ამ თემაზე; და შეურიგდება არსებულ, როგორც რუსები ეძახიან, რუსეთის დღევანდელი მთავრობა ეძახის, ‘ახალ შექმნილ რეალობას’. აი ეს არის ის, რაზეც ლაპარაკობენ“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო კომენტარში, რომელიც ავტომრბოლელის ფორმაში ჩაცმულმა გააკეთა.
„ამიტომ ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი: თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ აქედან თავის ჯარები, დღესვე, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი [არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი], მზად ვარ სადაც უნდათ ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩემი მთავრობის, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე“, – განაცხადა მან.
„რასაც ისინი ამბობენ, ხომ ამბობენ, რომ აღადგენენ ურთიერთობას, უნდათ მთლიან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, თავის ტერიტორიებში, ამაზე დღესვე ვაწერთ ხელს“, – განაგრძო მან, „მივდივარ, ამ ხელშეკრულების თანახმად თუ ისინი დათანხმდებიან, ოღონდ დაგვიბრუნონ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი, გაიყვანონ აქედან თავის ჯარი, თუნდაც საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოხდეს ეს ყველაფერი“.
„და მეორე მზად დამატებით მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი. აუცილებლად მზად ვარ, რომ ესეც კი გავაკეთო და ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე, ოღონდ გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები და საქართველოს ხალხს, მრავალეთნიკურ მოსახლეობას მისცენ საშუალება განვითარდნენ ბოლომდე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მტკიცება იმის რომ, რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას ქართველი ხალხის უყვარს, ტყუილია.
„მაგრამ დღეს მათ თვითონ აღიარეს, თუ რატომ უნდა მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ საქართველო აქცია ისეთი წარმატებული რეფორმების ქვეყნად, მათი აზრით და მათივე გამონათქვამებით, რომლის გამეორებაც – მიბაძვაც კი შეუძლია რუსეთს“, – განაცხადა მან.
სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა ინტერვიუს ის ნაწილი, როცა რუსეთში პოლიციის რეფორმაზე საუბრისას მედვედევმა განაცხადა, რომ პატარა ქვეყნების მსგავსად, რომლის მაგალითებიც ხშირად მოჰყავთ, რუსეთს არ შეუძლია სამართალდამცავების სამსახურებიდან გაშვება და მათი ახალი კადრებით შევსება. ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის საქართველოს, როცა ამგვარ მაგალითზე საუბრობდა, მედვედევმა უპასუხა: „მე არაფერი არ მაქვს მხედველობაში – ამას თქვენ ამბობთ“.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის „წარმატებული საქართველო არის ყველაზე დიდი კოშმარი“.
„ქვეყანა, რომელიც გამოაცხადეს განადგურებულად, დამთავრებულად 2008 წელში, აღსდგა ფერფლისგან და მიაღწია ისეთ წარმატებებს, რომელიც მისაბაძად იქცა არა მხოლოდ რუსეთის ოპოზიციისთვის ან მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ როგორც დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ისედაც ვვარაუდობთ, ასევე თვითონ რუსეთის დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)