ალასანიას თქმით, ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების ინციდენტის უკან ხელისუფლება დგას
ირაკლი ალასანიამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა კოალიცია "ქართული ოცნებიდან" განაცხადა 4 მაისს, რომ ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს ხელისუფლებამ თავად დადო და შემდეგ თავადვე გაუვნებელყო.
„დღეს რახან ერთად ვართ ჩვენ ყველანი, დღეს როდესაც არც ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ დადებულმა და შემდეგ ნაპოვნმა ნაღმმა, არც გამოცხადებულმა საგანგებო ვითარებამ თქვენ რომ არ შეგაშინათ და აქ მოვედით, აისბერგი მართლა დაიძრა და ეს აისბერგი გამარჯვებით მივა ოქტომბრის არჩევნებამდე“, – განაცხადა ალასანიამ ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
„დღეიდან საქართველოში ვერავინ ვეღარ დაგვაშინებს რუსეთის საფრთხით, დადებული და შემდეგ ნაპოვნი ბომბებით, რომ ჩვენ შევიცვალოთ ჩვენი აზრი არჩევნების დღისთვის“, – განაცხადა ალასანიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მაისს განაცხადა, რომ დააკავა „პიროვნება, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და გადმოიტანა ქალაქ ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება“. სამინისტროს მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება სპეციალური ოპერაციების ცენტრის გამნაღმელებმა გაუვნებელყვეს. დღეს დილიდან ზუგდიდის პროკურატურის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული იყო პოლიციის მიერ. ქართული მედია საშუალებების ცნობით, პროკურატურასთან სამართალდამცავების მიმდინარე მოქმედებები უკავშირდებოდა ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომელიც იმ ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.
თავისი გამოსვლის დროს ალასანიამ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუტია 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც სააკაშვილმა თქვა, რომ სოხუმი „არ იყო საქართველოს შემადგენლობაში“.
„მე რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უგუნური და ამორალური განცხადება მოვისმინე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვა, რომ თურმე აფხაზეთი არ ყოფილა საქართველოს ნაწილი არც არასდროს და უნდა შეაგუოს მოსახლეობა, რომ ‘რა მოხდა, რა დავკარგეთ ამისთანა, არც არასდროს ყოფილა ის ჩვენთან ასე ახლოს’. ეს რას ნიშნავს – მან პრაქტიკულად მიმართა რუსეთს, რომ ‘წაიღეთ, რაც დაიპყარით და ოკუპაციის ქვეშ არის, ოღონდ ჩემს ხელისუფლებას არ შეეხოთ’“, – განაცხადა ალასანიამ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2 მაისს, რომ თბილისი საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს „ოლუზორულად“ აკონტროლებდა. „სოხუმში არ ისმოდა ქართული ენა. მითხარით რამდენი ქართული სიმღერა არის დაწერილი სოხუმზე? ყველა სიმღერა იყო დაწერილი ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზეც… სოხუმზე არ იწერებოდა. არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს პოტენციალი, რომ აფხაზებთან ნდობა აღადგინოს.
„აფხაზებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენთან ერთად, საქართველოსთან ერთად, ბევრად უფრო ნათელი მომავალი აქვთ ევროპულ სახლში, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. მაგრამ ამას სჭირდება ის, რომ საქართველო, სამეგრელო ფეხზე დადგეს და სამეგრელო ვერ დადგება ეკონომიკურად ფეხზე, თუკი სააკაშვილმა გააგრძელა ქვეყნის სინგაპურიზაცია და ბენდუქიძის რჩევებით ქვეყნის ეკონომიკის მართვა“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)