შსს: ზუგდიდში აფეთქების მოწყობის მცდელობისთვის გალის მკვიდრია დაკავებული

კადრი შსს–ს ვიდეოჩანაწერიდან, სადაც სასამართლო ექსპერტი 4 მაისს ზუგდიდში პროკურატურის წინ ნაპოვნ ასაფეთქებელს ამოწმებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზუგდიდში პროკურატურის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობის დადებისთვის დაკავებული პირი არის როლანდ ხურცილავა.
ხურცილავა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მაშინვე დააკავეს, როგორც კი მან შავი პარკი ასაფეთქებელი მოწყობილობით ზუგდიდში პროკურატურის შენობის ღობესთან დადო, გალის რაიონის მკვიდრია, განუცხადა შსს–ს წარმომადგენელმა Civil.ge-ს 5 მაისს.
შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩვენებაში ხურცილავა რუსულად ამბობს, რომ მისი ძველი ნაცნობი, „სამხედრო მოსამსახურე, ვიცე–პოლკოვნიკი ვასილი ვასილევიჩი“, მივიდა მასთან და შესთავაზა 80 000 რუსული რუბლი (დაახლოებით, 2 600 აშშ დოლარი) ზუგდიდში პროკურატურის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დადების სანაცვლოდ. ხურცილავას თქმით, თავიდან მან უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც იმავე სამხედროსგან ხელახალი შესთავაზება მიიღო, იგი დათანხმდა.
„მან ბომბი მომიტანა; წავიღე ის ზუგდიდში, პროკურატურის შენობასთან, სადაც დამაკავეს“, – აცხადებს ხურცილავა.
იმავდროულად, 5 მაისს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა ტერიტორიაზე აღმოჩენილი მიტოვებული ჩანთის გამო, რომელსაც მოგვიანებით პატრონი გამოუჩნდა. განგაში ცრუ აღმოჩნდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)