რასმუსენი: არჩევნები საქართველოში ‘ძალიან მნიშვნელოვანია’

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას, 19 მაისს ჩიკაგოში. ფოტო: ნატო
საქართველოს ნატოში მისწრაფებისთვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება, თუ როგორ ჩატარდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 19 მაისს ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას.
კითხვაზე, თუ რა იყო საქართველოსთვის ყველაზე პრობლემური საკითხი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე – ტერიტორიული მთლიანობა თუ დემოკრატიული რეფორმები, და ზოგადად ნატოს გაფართოების შესახებ რასმუსენმა უპასუხა, რომ ჩიკაგოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს სამიტი წამახალისებელ გზავნილებს გაუგზავნის საქართველოს, რადგანაც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია რეფორმების კუთხით“, – განაცახდა რასმუსენმა და დასძინა, რომ ჩიკაგოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
„მაგრამ ასევე გვინდა ნათლად წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენ ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ფაქტიურად, საქართველო ამ სამიტზე სამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრება“, – განაცხადა რასმუსენმა. მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის შეხვედრაში ავღანეთზე; ნატოს და მის 13 პარტნიორ სახელმწიფოს შორის შეხვედრა; და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საქართველოს მონაწილეობა ასპირანტი ქვეყნების შეხვედრაში, რომელთა შორის ასევე არიან მონტენეგრო, მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
„ამრიგად, საქართველო ძალიან თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი ჩვენს თანაპარტნიორებს შორის“, – განაცხადა რასმუსენმა.
„მე ვფიქრობ, რომ არჩევნები ამ შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მის ჩატარებას დიდი ინტერესით დავაკვირდებით“, – განაცხადა რასმუსენმა და მას „ცენტრალური საკითხი“ უწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)