კლინტონი საქართველოს სტუმრობს
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმში ორშაბათს საღამოს ჩამოვიდა, სადაც ის დღეს საქართველოს ხელმძღვანელობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
სამშაბათს დილით კლინტონმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესია გახსნა. კომისია ორ ქვეყანას შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას და უსაფრთხოებას; ვაჭრობას და ეკონომიკას, დემოკრატიას და ხალხთა შორის კავშირებს.
მოგვიანებით ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავს შეხვედრას და შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციას.
სახელმწიფო მდივანი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სანაპირო დაცვისათვის ამერიკული სახსრებით განახლებული ორი საპატრულო კატარღის გადაცემის ცერემონიაში.
კლინტონი ასევე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს: ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძეს, ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს; ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს; რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს და ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან თეა წულუკიანს.
ოპოზიციონერთა განცხადებით, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ მოახლოებულ არჩევნებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და 6 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა. მას ბათუმის აეროპორტში მისი ქართველი კოლეგა გრიგოლ ვაშაძე დახვდა. ეს მისი მეორე კავკასიური ტურნეა. სახელმწიფო მდივანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს პირველად 2010 წლის ივლისში სტუმრობდა.
საქართველოში ჰილარი კლინტონის ჩამოსვლამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 4 ივნისს ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს საარჩევნო საკითხებზე ფოკუსირებით.
ასევე 4 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შეხვდა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განსახილველად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)