კლინტონი თბილისთან პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე


სახელმწიფო მდივანი კლინტონი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოდის, ბათუმი 5 ივნისი.  ფოტო: აშშ–ის საელჩო
 
საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სესიის გახსნისას ორმხრივი ურთიერთობების ოთხი პრიორიტეტული მიმართულება მიმოიხილა.

ეს კომისია ორ ქვეყანას შორის 2009 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას და უსაფრთხოებას; ვაჭრობას და ეკონომიკას, დემოკრატიას და ხალხთა შორის კავშირებს.

დემოკრატია

სხდომაზე გამოსვლისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო „ვიზიარებთ ერთობლივ მიზნებს, ერთობლივ ინტერესებს“.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დემოკრატიის კუთხით და ეს „პროგრესი აღნიშნეს მთელს მსოფლიოში“.

„ახლა საქართველოზეა უკვე დამოკიდებული, რომ კონსოლიდაცია გააკეთოს დემოკრატიული ფასეულობების. ეს არის საქართველოს მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ეს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევასთან უფრო დაგაახლოებთ“, – განაცხადა კლინტონმა.

„შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს ლეგიტიმურობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების თქვენი საზოგადოების და მსოფლიოს თვალში“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს კამპანია იყოს კონკურენტუნარიანი, არჩევნები – სამართლიანი და თავისუფალი, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინა პერიოდშიც“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

იგი მიესალმა საქართველოს უშიშროების საბჭოსთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათშორისი კომისიის შექმნას, როგორც „კარგ ნაბიჯს“, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებზე რეაგირება მოხდეს და საჩივრები იქნას განხილული.

ჰილარი კლინტონი ასევე მიესალმა საკანონმდებლო დონეზე პარტიების ფინანსურ წახალისების მექანიზმის შემოღებას, რათა უფრო მეტმა ქალმა კანდიდატმა მიიღოს საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.

„უფრო რთული და უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო გიწევთ მომავალში“, – განაცხადა მან, „თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ჩვეულებები და პრაქტიკა, რომელიც დემოკრატიას დროთა განმავლობაში შეინარჩუნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მარტო არჩევნები უნდა იყოს წარმატებული, არამედ არჩევნების შემდეგ გაძლიერდეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძვლები, როგორიც არის შრომითი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა და წვდომა“. 

სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული რეფორმები ასევე დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. მისი თქმით, ამ რეფორმებმა, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება.

„საქართველო განაგრძობს რა ანგარიშვალდებულების, გამჭირვალობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, თქვენ იხილავთ უფრო მეტ ინტერესს და ინვესტიციებს ეკონომიკაში“, – განაცხადა მან. 

კლინტონის განცხადებით, ვაშინგტონისა და თბილისის სურვილია, რომ „ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები შემდეგ დონეზე გადავიყვანოთ“. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა, ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივას და საინვესტიციო შეთანხმების განახლებას იმ „სხვა ზომებთან“ ერთად, რომლებიც ვაჭრობასა და ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელიც ასევე გამოვიდა სიტყვით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე, განაცხადა, რომ აშშ–ის ფინანსური დახმარება „მძლავრი კატალიზატორია დემოკრატიული ტრანსფორმაციის და რეფორმების პროცესის“.

„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსა და აშშ–ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას ექნება უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა გილაურმა.

თავდაცვა და უსაფრთხოება

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „საქართველოს და აშშ–ს თავდაცვის სფეროში ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა გააჩნიათ“.

მისი თქმით, იანვარში ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ობამამ და სააკაშვილმა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ვალდებულება აიღეს სამ სფეროში: ყოვლისმომცველი დახმარების გაწევა საქართველოს თავდაცვის რეფორმებისთვის და მოდერნიზაციისთვის; ტრეინინგებით დახმარება და საქართველოს ჯარების აღჭურვა, რათა ეფექტურად მიიღონ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა ავღანეთში და ნატოს–თან ფუნქციონალური თავსებადობა.

„საქართველო ეხმარება რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების დაცვას და ჩვენ ერთად მეტის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა მან.

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის „პრიორიტეტულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა, რაც ასევე მოიცავს დახმარებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით და განუწყვეტელ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში“.

კლინტონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ და განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

ნიკა გილაურმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს მადლიერებას ჩიკაგოს სამიტზე აშშ–ის „კონსტრუქციული პოზიციის“ გამო. მისი თქმით, აშშ–ის "ურყევი მხარდაჭერა" ამ მხრივ მრავალჯერ იყო დემონსტრირებული.

„როგორც ასპირანტი ქვეყანა, ჩვენ გავაგრძელებთ გზას ნატოს წევრობისაკენ“, – განაცხადა მან. 

პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს იმით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში. „მალე არა ნატოს წევრი პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა გავხდებით“, – დასძინა მან მხედველობაში ჰქონდა რა ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტიგენტის გაზრდის წლევანდელი გეგმები.

ხალხთა შორის ურთიერთობები

ჰილარი კლინტონმა ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით აღნიშნა აშშ–ის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რაც უმარტივებს საქართველოს მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას.

მან ასევე განაცხადა, რომ გამოაცხადებს „ეტაპებს, რათა გაუადვილდეს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას, რომ ეწვიონ შეერთებულ შტატებს“.

„ჩვენ ვხედავთ ამას, როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს, რათა მივაღწიოთ სამართლიან და მშვიდობიან მოგვარებას იმ კონფლიქტებისა, რომელიც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ამგვარ კონსტრუქციულ ნაბიჯებს შეუძლიათ დაძაბულობის შემცირება, ნდობის შექმნა,  კონტაქტების ნორმალიზება და ურთიერთობების აწყობა.

„ეს ყველაფერი ჩვენ დაგვეხმარება სიტუაციის ტრანსფორმაციაში დროთა განმავლობაში“, – აღნიშნა კლინტონმა.

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ასევე მიესალმა აშშ–ის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ვიზების ხანგრძლივობის გაზრდისკენ და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით "კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება უახლოეს მომავალში“.

„ჩვენ ველით ხალხთა შორის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოვებას ჩვენ ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების გზით“, – განაცხადა მან.

ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა აშშ–ის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ჩვენ ვუარყოფთ საქართველოს ოკუპაციას და მილიტარიზაციას საქართველოს ტერიტორიების და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული თავისი ვალდებულება. ამაში შედის შედის ძალების გაყვანა კონფლიქტის წინა პერიოდამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა მან. 

„ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ შეერთებული შტატების მიერ ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ნიკა გილაურმა თავის გამოსვლაში, „დღეს, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% რჩება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაზოგავს ძალებს მშვიდობიანი გზით სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერისათვის“.

გამოსვლის დასასრულს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ორმა ქვეყანამ ორმხრივ ურთიერთობებში ბევრს მიაღწია ბოლო 20 წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ და „ჩვენ ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი“.

სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის გახსნის შემდეგ, აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისთვის აშშ–ის ფინანსური დახმარებით მოდერნიზებული საპატრულო კატარღების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)