სააკაშვილი: პოლიცია დეპოლიტიზირებულია

ისევე როგორც ადრე, ახლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სჭირდება „ძლიერი ხელი“, მაგრამ „ჰუმანური ხედვით და დემოკრატიული შეხედულებებით“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენისას.

„თქვენ ყველამ ერთად, ვანოსთან ერთად, შექმენით მთელი ეპოქა არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის ისტორიაში, არამედ მსოფლიოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის“, – მიმართა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა განახლებული მთავრობა დაამტკიცა, რის შედეგადაც ვანო მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრი გახდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გადაიქცა ყველაზე კრიმინალიზირებული ქვეყნიდან ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად.

„პოლიცია არის დეპოლიტიზირებული სტრუქტურა. ყველა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს თქვენ უნდა იცავდეთ თანასწორად; ყველას მიმართ უნდა იყოს ერთი კრიტერიუმი; ყველას მიმართ უნდა იყოს ერთნაირი ობიექტური დამოკიდებულება; მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი იმ ხალხის მიმართ, ვისაც უნდა კორუფციული, კრიმინალური სისტემის აღდგენა და ვისაც უნდა პოლიციაში ძველი ნაგვის დაბრუნება… ნამდვილად არ დავუშვებთ ამის დაბრუნებას უკან“, – განაცხადა მან.

„ამიტომ აქ გვჭირდება, ტრადიციისამებრ, ძლიერი ხელი, მაგრამ ჰუმანური ხედვით და დემოკრატიული შეხედულებებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.  

მან ასევე განაცხადა, რომ პოლიცია არის ინსტიტუტი, რომელიც ყველა კონკრეტულ მინისტრზე ან პრეზიდენტზე „მაღლა დგას“.  

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვანოს ამ ისტორიული ფუნქციის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, პოლიცია ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტია ქვეყანაში.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილის „მოთხოვნა“ იყო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა და იგი სრულიად დაეთანხმა ამას.  

მან ასევე შეაქო ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც სამი წელი იმსახურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. სააკაშვილმა ახალაიას მუშაობა გაიხსენა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზეც 2005–2008 წლებში და განაცხადა, რომ მან შეძლო კრიმინალების დამარცხება სასჯელაღსრულების სისტემაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)