პრემიერი მერაბიშვილი ივანიშვილზე საუბრობს

  • მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა;
  • მას სამომავლო პოლიტიკური ამბიციების შესახებაც ჰკითხეს.

ახალმა პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 10 ივლისს, რომ ის არ იცნობს „პოლიტიკოს“ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა იცნობს ქველმოქმედ ივანიშვილს, ვისთანაც მას ხშირი კონტაქტები ჰქონდა და მას თავის საქველმოქმედო საქმიანობაში ეხმარებოდა.

„მე ბატონ ბიძინაზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას. უფრო მეტს გეტყვით, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მას და მე მას ვეხმარებოდი იმ საქმიანობაში, რომელსაც ის ახორციელებდა; მე მას ვეხმარებოდი, რომ მას თავისი ქველმოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა“, – განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მაესტრო“–სთან ინტერვიუში.

„მაგრამ როგორც პოლიტიკურად, მე შემიძლია შევაფასო მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მე ამ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ – გვარებს არ ჩამოვთვლი… ყველა… მათზე ჩამოყალიბებული ჩემი პოზიცია და საქართველოს მოსახლეობის პოზიცია, მე მგონი, ემთხვევა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მან ეს კომენტარი მას შემდეგ  გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ივანიშვილზე, რომელმაც უკვე რამდენჯერმე შეაქო მერაბიშვილი, როგორც „კარგი მენეჯერი ბევრი დადებითი თვისებებით“, ხოლო სულ ბოლოს მან მერაბიშვილი „მოაზროვნედ“ მოიხსენია სააკაშვილის გარემოცვაში; თუმცა, ივანიშვილმა ისიც განაცხადა 9 ივლისს, რომ მერაბიშვილი არასწორ გზაზე დგას და უარყო, რომ მასთან რაიმე ფარული კავშირები აქვს.

თავის თავდაპირველი პასუხის შემდეგ ამ საკითხზე, მერაბიშვილს ჟურნალისტი კიდევ ჩაეკითხა ჰქონდა თუ არა მას იგივე შეხედულება ივანიშვილის შესახებ, როგორც მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებს, რომელთა კრიტიკის სამიზნეც პირადად ივანიშვილია და რომლებიც მას კრემლის კაცად მოიხსენიებენ.
  
„მე ჩემი შეხედულება ბატონ ბიძინაზე უკვე ჩამოვაყალიბე და მე მგონი, ამომწურავად“, – განაცხადა მერაბიშვილმა, თუმცა ჟურნალისტი ისევ ჩაეძია მას ამ საკითხზე და ჰკითხა, ნიშნავდა, თუ არა მისი პასუხი იმას, რომ მისი შეხედულებები ივანიშვილზე „უფრო პოზიტიურია“.

„როცა მე მასთან მქონდა ურთიერთობა არა როგორც პოლიტიკოსთან, არამედ როგორც ადამიანთან, რომელიც ცდილობდა გარკვეული ქველმოქმედება განეხორციელებინა, გარკვეული პროექტები განეხორციელებინა, მე მივესალმებოდი და უფრო მეტიც, მე ამაში ვმონაწილეობდი და მე მას აქტიურად ხელს ვუწყობდი. ჩვენ შორის იყო ძალიან ხშირი ურთიერთობა, როგორც პირადი შეხვედრები, ისე სატელეფონო საუბრები – და მე დიდი სიამოვნებით ვეხმარებოდი მას, რათა მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოფილიყო ხალხისთვის სარგებლის მომტანი. მე მას, როგორც პოლიტიკოსს, ძალიან ნაკლებად ვიცნობ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ვიცნობ ბევრ მათგანს, ვინც მის გარშემოა და ვინც, მე მგონი, აყალიბებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს“, – განაცხადა მან.

„მე მასზე ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა“, – დასძინა მერაბიშვილმა.

იმავე 15–წუთიან ინტერვიუში, მერაბიშვილს ასევე ჰკითხეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შესახებ.

გირგვლიანის მკვლელობის საქმე 2006 წელს მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა და დროდადრო ხდებოდა ამ თემის წამოწევა პოლიტიკური დაპირისპირების დროს იმ არსებული ბრალდებების გამო, რომ გამოძიებამ დამალა შსს-ის მაღალჩინოსანთა და მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან.

„ნებისმიერი ფაქტი, რომლითაც შეილახა საქართველოს მოქალაქის უფლებები, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მოხდა ჩემი მინისტრობის დროს – მე ვიყავი ამაში პირადად ჩართული, თუ არ ვიყავი პირადად ჩართული, ეხებოდა თუ არა ეს ნებისმიერი თანამდებობის პირს პოლიციაში – ყველა ამ საკითხზე მე ვაგებ პასუხს, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და მომავალშიც ავიგებ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ფაქტზე და ნებისმიერ შეკითხვას გავცემ პასუხს“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

„სამწუხაროდ, ეს არ იყო მხოლოდ ერთადერთი ფაქტი, რომელიც არ მეტყველებდა ჩვენს სამინისტროზე დადებითად, და სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი ასეთი გადაწყვეტილების მიღება; ასეთი ფაქტები იყო უამრავი; თუმცა სწორედ ამ გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართელოს პოლიცია ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მოქალაქეები თავს გრძნობენ ყველაზე უფრო დაცულად… ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მთავარია რა შედეგი მივიღეთ ჩვენ, მთავარია ის, თუ რას შევძლებთ ჩვენ გავაკეთოთ მომავალში იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მეტი სარგებელი“, – დასძინა მან.

კითხვაზე ეცდება თუ არა ის პრემიერ–მინისტრად დარჩენას 2012 წლის არჩევნების შემდეგ და აქვს თუ არა მას პირველი პირის ამბიცია, მერაბიშვილმა უპასუხა: „საქართველოს პრეზიდენტმა მე დამავალა გამეკეთებინა მთავრობის მოქმედების ოთხწლიანი გეგმა. და ეს გეგმა შედგენილია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მისი განხორციელება“. 

„რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის ქართველ ხალხზე; თუ ქართველ ხალხს სურს ამ გეგმის გაგრძელება ან არ სურს, საბოლოო ჯამში, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი“, – განაცხადა მერაბიშვილმა, „მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს იმ არჩევანს, რაც უნდა გააკეთოს და მხარს დაუჭერს იმ გეგმას, რომელიც ჩვენს მიერაა შემუშავებული“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)