საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ორშაბათს, 1 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა ზუსტ თარიღს პრეზიდენტი ნიშნავს არჩევნების დღემდე ორი თვით ადრე.
არჩევნების დღის დანიშვნა წინასაარჩევნო პერიოდის ფორმალური დაწყების მანიშნებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი სამართლებრივი ვალდებულებები შევა ძალაში, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, ასევე „must-carry“ პრინციპი, რომელიც დაავალდებულებს საკაბელო ოპერატორ კომპანიებს გაუშვან საინფორმაციო არხები არჩევნებამდე სულ ცოტა 60–დღიან პერიოდში.
„საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის მზაობას იმის თაობაზე , რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საარჩევნო კამპანია კი ღია და გამჭვირვალე“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ 1 აგვისტოს.
„დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გამოვთქვთ რწმენა , რომ ეს არჩევნები და ეს კამპანია იქნება სამაგალითო“, – განაცხადა მან და ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რომელიც მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა, მათ შორის გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა, ამომრჩეველთა სიის გადამოწმება, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბება.
“პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და სიცოცხლისუნარიანობის, გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოებრიოების შემდეგომი განმტკიცების გზაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„აქვე საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვან პროცესში”, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)