მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირება 11 პირს სურს

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 11 დამოუკიდებელ კანდიდატს სურს ბრძოლა.

5 აგვისტოს ამოეწურა ვადა ხუთწევრიან „საინიციატივო ჯგუფს“, რომელსაც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა სურდა ერთმანდატიან ოლქში და განცხადებით მიმართა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

თერთმეტ საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 11 განაცხადი შევიდა, მათ შორის სამგორის ერთმანდატიან ოლქში; ასევე ქუთაისის, თელავის, თიანეთის, მარნეულის, მცხეთის, ხარაგაულის, ვანის, სენაკის, ზუგდიდის და ხულოს ერთმანდატიან ოლქებში.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს შეეძლოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ამჟამად საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დამოუკიდებელი კანდიდატებიც შეძლებენ ერთმანდატიან ოლქებში კენჭისყრას.

თუმცა დამოუკიდებელ კანდიდატებს 5 000 ლარის განთავსება მოუწევთ დეპოზიტზე, რომელსაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებენ, თუ ხმების სულ ცოტა  10%–ს მოიპოვებენ.

ამგვარი წესი იმ დამოუკიდებელ კანდიდატებთან მიმართებაში იქნა შემოღებული, რომელთაც მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა გამარჯვების განზრახვის გარეშეც სურდეთ.

კანდიდატების, მათ შორის ერთმანდატიან ოლქებში დამოუკიდებელი კანდიდატების  დიდი რაოდენობა, არახელსაყრელი სცენარია ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებისთვის, ვინაიდან ეს ოპოზიციის ხმების გაყოფის შანსს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში მმართველ პარტიას აძლევს ხელს.

მაჟორიტარი დეპუტატები გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი პრინციპით ირჩევიან იმ პირობით, რომ კანდიდატმა ხმების 30% მაინც უნდა დააგროვოს, რათა პირველ ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეს.

საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი დღის ვადაში უნდა დაარეგისტრიროს საინიციატივო ჯგუფი ან განცხადებაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მან დაუყონებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს ამის თაობაზე. შემდეგ, დარეგისტრირებულმა საინიციატივო ჯგუფებმა მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა შეაგროვონ და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინონ არაუგვიანეს 12 აგვისტოსი. მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა იმ ერთმანდატიან ოლქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა სულ ცოტა 1%–ს უნდა შეადგენდეს, სადაც კანდიდატი იყრის კენჭს. თუ კანდიდატი მოქმედი დეპუტატია მხარდამჭერთა ხელმოწერები საჭირო არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)