საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზირებას უარყოფს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 აგვისტოს უარყო ბრალდებები დიპლომატიური სამსახურის „პოლიტიზირების“ და ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე და მათ „უსაფუძვლო“ უწოდა.
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ განაცხადა 27 ივლისს, რომ საქართველოს საელჩო ვაშინგტონში საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ გავლენიან ამერიკელ ექსპერტებსა და მკვლევარებს, „იმეილებს“ უგზავნის, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენებას და დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, რომლის თანახმადაც დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში დიპლომატიური თანამდებობის პირი პოლიტიკურად ნეიტრალურია; იგივე კანონი უკრძალავს დიპლომატს პოლიტიკაში ჩართულობას და მას არა აქვს უფლება, „ეწეოდეს საქმიანობას/პროპაგანდას ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის, გაერთიანების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ“.
საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ ორი ელექტრონული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ორგანიზაციის თქმით, ამ წერილების ერთ–ერთმა ადრესატმა მიაწოდა. ერთი მათგანი, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მეორე მდივნის ხათუნა ოყროშიძის მიერაა გაგზავნილი, შეიცავს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიის თარგმანს, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ჯონ ბასი უარყოფითად არის მოხსენიებული და რომელშიც საქართველოს საელჩოს თანამშრომელი ასევე წერს, რომ „ასავალ-დასავალი“ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი გამოცემაა და ეს გაზეთი ქსენოფობიური შინაარსის სტატიებით გამოირჩევა. მეორე ელექტრონული წერილი კი, რომელიც საელჩოს იმავე თანამშრომლის მიერაა გაგზავნილი, შეიცავს ამონარიდებს სხვადასხვა ქართული გაზეთებიდან, რომლებშიც პოლიტიკური პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლების პოზიციებია მოყვანილი. საელჩოს თანამშრომელი იქვე აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტია კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და იგი გამოირჩევა ანტიდასავლური და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოზიციით, ასევე სურს ქვეყანაში ბელორუსის მსგავსი ჩაკეტილი ეკონომიკის შექმნა, რომლის მთავარი პარტნიორიც რუსეთი იქნება.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ 9 აგვისტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან „სრული შიდა მოკვლევა“ ჩაატარა, თუმცა ამგვარი ბრალდებების საფუძველი ვერ აღმოაჩინა.
„ზემოხსენებული ელექტრონული წერილები არ შეიცავდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ შეფასებებს. მათში აქცენტი გადატანილი იყო იმ ფაქტებზე, რომლებიც ასახავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ქართული პოლიტიკური პარტიების პოზიციებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „არც ერთ დასახელებულ შემთხვევაში, ქართველ დიპლომატებს უცხოელი კოლეგებისთვის თავიანთი პოლიტიკური შეფასებები არ მიუწოდებიათ. ამასთან, მოცემულ კორესპონდენციაში საქართველოს დიპლომატიური სამსახური პროპაგანდას არ უწევდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციას“.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსების პოლიტიკური მიზნით გამოყენების ბრალდებაც უსაფუძვლოა, ვინაიდან „აღნიშნული ელექტრონული წერილები განკუთვნილი იყო არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი ექსპერტების და მკვლევარებისთვის, რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში“.
„აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ საარჩევნო მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „საქართველოს დიპლომატიურ მისიებს რეგულარულად მიმართავენ ექსპერტები, მკვლევარები და სხვა დაინტერესებული პირები თხოვნით, მიაწოდონ მათ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ინფორმაცია. აღნიშნულ კონტექსტში, ქართველი დიპლომატები ხშირად ავრცელებენ ფაქტობრივ მასალას, თავიანთი მხრიდან რაიმე პოლიტიკური შეფასების გამოთქმის გარეშე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)