ქართული ოცნებისთვის „უკანონო შემოწირულობების“ გამო 16 ადამიანი დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 პირს ჯამში დაახლოებით 635 000 ლარის ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც 10 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ამ პირებმა ვერ დაასაბუთეს იმ თანხების ლეგიტიმურობა, რომლებიც მათ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხეს.
თითოეულზე დაკისრებული ჯარიმა მინიმუმ 6 000 ლარიდან 166 720 ლარამდე მერყეობს იმ შემოწირულობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც სასამართლომ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანონოდ მიიჩნიეს. დაკისრებული ჯარიმები ხუთჯერ აღემატება შემოწირულობის თანხას.
10 აგვისტოს დაჯარიმებულ 16 შემომწირველს შორის რვა „ბანკი ქართუს“ თანამშრომელია, მათ შორის ბანკის გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც 85 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
„ის 17 000 ლარი, რომელიც მე გადავრიცხე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, ეს იყო ჩემი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ამ გათავისუფლებლებისთვის ბატონმა უგულამ [ბანკის ყოფილმა დროებითმა მმართველმა] მომცა 20 000 ლარის კომპენსაცია… ანუ მიღებული 20 000–დან, რომელიც დადასტურებულია და მთელმა საქართველომ იცის, 17 000 რომ გადავრიცხე ვერ დავასაბუთე წყარო? მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს დაუსაბუთებელია“, – განაცხადა ჯავახიშვილმა სასამართლო მოსმენის შემდეგ.
16 პირის მიერ შემოწირული თანხის მთლიანი ოდენობა 127 143 ლარს შეადგენს.
ივლისის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 ადამიანს ჯამში 1.17 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც მათ მიერ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, ძირითად „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული პარტიებისთვის გადარიცხული თანხები უკანონოდ იქნა მიჩნეული. მას შემდეგ, რაც ამ პირებმა ჯარიმა ვერ გადაიხადეს, ზოგიერთი მათგანის ქონება დაყადაღდა და აუქციონზე გაიყიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)