პოლიტიკური პარტიების ფინანსური შემოწირულობები

(შესწორება: თავდაპირეველი ტექსტის პირველ აბზაცში მითითებული იყო რომ მმართველი პარტია ყველაზე მდიდარი პოლიტიკური გაერთიანებაა მიღებული ფინანსური შემოწირულობების მიხედვით, თუმცა შარშანდელი წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი დაფინანსება აღემატება მმართველი პარტიის მიერ შარშანდელი წლის ნოემბრიდან მიღებული შემოწირულობების ოდენობას)

მმართველმა პარტიამ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე საკუთარი ბიუჯეტი 14.4 მილიონით ლარით შეავსო, რაც ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იმავე პერიოდში მიღებულ ფინანსურ შემოწირულობებს თითქმის ცხრაჯერ აღემატება.

კანონი კრძალავს იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღებას და საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკური პარტიებისთვის წელიწადში მაქსიმუმ 60 000 ლარის შემოწირულობის გაკეთების საშუალებას აძლევს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმდინარე კვირას პარტიების შემოწირულობების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც 20 ივნისიდან 9 აგვისტომდე პერიოდს ფარავს.

ამ პერიოდში მმართველმა პარტიამ 600–ზე მეტი პირისგან 14,414,134 ლარის შემოწირულობა მიიღო. დონორთა უმეტესობამ პარტიას დიდი თანხები ჩაურიცხა, რომლის ოდენობაც 1000 ლარიდან 60 000 ლარამდე მერყეობს.

14.4 მილიონი ლარი იმ 1.74 მილიონ ლარს ემატება, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ფინანსური შემოწირულობების სახით 2012 წლის იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიიღო.

ახლად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაზე „საქართველო არ იყიდება“ ასევე განხორციელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონიტორინგი და მისი ფინანსური შემოწირულობები საჯარო გახდა. ჯგუფი ნეგატიური ხასიათის პოლიტიკურ რეკლამებს ამზადებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ რეკლამების გასაშვებად ტელევიზიებში საეთერო დროს ყიდულობს.

ივლისის დასაწყისში ჩამოყალიბების შემდეგ ორგანიზაციამ „საქართველო არ იყიდება“ 330 000 ლარის ფინანსური შემოწირულობა მიიღო ექვსი პირისგან, მათ შორის 60 000 გია გეწაძისგან, რომელიც 2004–2005 წლებში იმერეთის რეგიონის გუბერნატორი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და რომელსაც ამჟამად იურიდიული და ლობისტური კომპანია აქვს.

ქართული ოცნება

ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ 2012 წლის 20 ივნისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში სულ 1 654 088 ლარის ფინანსური შემოწირულობა მიიღო.

თუმცა,  ამ თანხიდან 127 143 ლარი სასამართლომ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკანონო შემოწირულობად ჩათვალეს და 10 აგვისტოს მის შემომწირველებს ჯარიმა დაეკისრათ.

ივანიშვილის პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 391 პირისგან 498 701 ლარის შემოწირულობა მიიღო.

მცირე თანხები – 1 ლარიდან 100 ლარამდე – სულ 240 პირმა გადარიცხა. უმსხვილეს დონორებს შორის არიან ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე და ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, რომელთაც 60 000 ლარი გადარიცხეს თითოეულმა – ორივე მათგანი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ყოფილმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ივანიშვილის პარტიაში 50 000 ლარის შემოწირულობა გადარიცხა.

კოალიციაში შემავალმა სხვა პარტიებმა ბოლო შვიდი კვირის მანძილზე შემდეგი ოდენობის შემოწირულობები მიიღეს: ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 344 002 ლარი; ეროვნული ფორუმი – 322 876 ლარი; რესპუბლიკური პარტია – 175 128 ლარი; კონსერვატიული პარტია – 173 550 ლარი; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს – 131 770 ლარი, მათ შორის 59 900 ლარი მისი ლიდერისგან, გოგი თოფაძისგან.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ქართული ოცნება“, რომელიც ივანიშვილმა დეკემბერში დააფუძნა, სულ 98 პირისგან 8 061 ლარის შემოწირულობა მიიღო, რომელთაგანაც უმეტესობა მცირე თანხებია – 2 ლარიდან 100 ლარამდე; ერთი პირისგან ჩარიცხულმა მაქსიმალურმა შემოწირულობამ 2 000 ლარი შეადგინა.

დანარჩენი პარტიები საკმაოდ ჩამორჩებიან ნაციონალურ მოძრაობას და "ქართულ ოცნებას" ფინანსური შემოწირულობების თვალსაზრისით. კახა კუკავას პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ 20 ივნისის შემდეგ 206 650 ლარი მიიღო. თავად კუკავას შემოწირულობამ საკუთარ პარტიაში 33 366 ლარი შეადგინა. ახალმა მემარჯვენეებმა იმავე პერიოდში 16 000 ლარის შემოწირულობა მიიღეს საკუთარი ლიდერისგან, დავით გამყრელიძისგან, ხოლო ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ერთი დონორისგან 20 ივნისის შემდეგ 5 000 ლარი მიიღო.      

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე  გამოაქვეყნა ანგარიში პოლიტიკურ ფინანსებზე, რომელიც მოიცავს პერიოდს 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისის ჩათვლით. ამ მონაცემების თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ კანონიერი შემოსავლების სახით ამ პერიოდში სულ მიიღო 26.18 მილიონი ლარი, რომელშიც ასევე შედის ივანიშვილის მიერ მისი საზოგადოებრივი მოაძრაობისთვის შარშანდელი წლის ბოლოს (სანამ პარტიების დაფინანსების რეგულაციები გამკაცრდებოდა) გადარიცხული 16.7 მილიონი ლარი. ნოემბრიდან, 25 ივლისის ჩათვლით მმართველი პარტიის შემოსავლებმა 9.58 მილიონი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით ამავე პერიოდში ივანიშვილის კოალიციის ხარჯებმა სულ 24.57 მილიონი შეადგინა, ხოლო მმართველი პარტიის ხარჯებმა – 2.59 მილიონი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)