NDI-ის კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად ლიდერობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგვისტოს დასაწყისში პარტიული რეიტინგით სამჯერ უსწრებდა მის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიციას „ქართული ოცნება“, ნათქვამია კვლევაში, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 7 სექტემბერს გამოაქვეყნა.
გამოკითხულ რესპოდენტთა იმ 77%–დან, ვინც აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 37% – მმართველ პარტიას , ხოლო 12% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
ივნისში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ერთი პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი მაშინ, როცა კვლევის ცდომილების ზღვარი +/– 3%–ია; ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერამ 18%–დან ექვსი პროცენტული პუნქტით დაიკლო.
რესპოდენტთა 43%–ს ჯერ არ გადაუწყვეტია ან უარს აცხადებს პასუხზე, თუ ვის მისცემს ხმას,
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად.
ვერც ერთმა სხვა პარტიამ 5%–იანი საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა, ნათქვამია NDI–ის დაკვეთილ კვლევაში, რომლის დროსაც ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 038 რესპოდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს გზით.
ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელიც ამჟამინდელი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიაა, კვლევის თანახმად, 3% მიიღო, რაც ივნისში და თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის ანალოგიური მაჩვენებელია.
ივნისის შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2% შეადგინა იმ გამოკითხულთა რაოდენობამ, რომელიც "სხვა ოპოზიციას" უჭერს მხარს. 3% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ აძლევს ხმას.
NDI ასევე იკვლევდა ცალკეული პოლიტიკოსების პოპულარობის მაჩვენებლებს. კვლევის ამ კომპონენტმა აჩვენა, რომ ივნისთან შედარებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმეტესობის რეიტინგები შემცირებული ან იგივეა აგვისტოშიც, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა პოპულარობა გაზრდილი ან შენარჩუნებულია.
პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკოსთა რეიტინგებში პირველ ადგილზე გადაინაცვლა 62%–ით. ივნისში, მის გაპრემიერებამდე ჩატარებული კვლევის დროს, როცა ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მერაბიშვილი გამოკითხულთა 55%–ს მოსწონდა და მესამე იყო გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ.
აგვისტოს კვლევაში, მიხეილ სააკაშვილი მეორე ადგილზეა 61%–ით (ივნისი 58%); მას მოსდევს გიგი უგულავა 58%–ით (ივნისი 60%); პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, 55%–ით (ივნისი 53%) და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე 49%–ით (ივნისი 50%).
ბიძინა ივანიშვილის პოპულარობა ივნისთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და აგვისტოში 39% შეადგინა, NDI–ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად. თებერვალში ივანიშვილი გამოკითხულთა 40%–ს მოსწონდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)