საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

„საქსტატის“ მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.7%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 
 
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის ეს მაჩვენებელი 18.6%–იანი კლებაა პირველ კვარტალთან შედარებით. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012  წლის პირველ 6  თვეში 488  მლნ  აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.6%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციების წილმა 37.2%, ანუ 81.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები (24.8 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (21 მილიონი აშშ დოლარი).

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგნაირად გადამაწილდა ეკონომიკური სექტორების მიხედვით: ენერგეტიკა (74.9 მილიონი აშშ დოლარი); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (58.1 მილიონი აშშ დოლარი); დამამუშავებელი მრეწველობა (42 მილიონი აშშ დოლარი) და საფინანსო სექტორი (18.6 მილიონი აშშ დოლარი).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)