აშშ–ის ელჩი პარტიებს არჩევნების დღეს სიმშვიდის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

საქართველოში აშშ–ის ახალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს, რომ „თავიანთი მოქმედებებითა და რიტორიკით ხელი შეუწყონ სიწყნარესა და სიმშვიდეს არჩევნების დღეს“, რათა საქართველოს მოქალაქეებმა „ხმის მიცემა მუქარისაგან თავისუფალ გარემოში შეძლონ“.

აშშ–ის ელჩი 28 სექტემბერს სამეგრელოს რეგიონში იმყოფება, სადაც არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირებლის რანგში, წინასაარჩევნო ვითარებასა და მედიაგარემოს ეცნობა, განაცხადა აშშ–ის საელჩომ.  

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში. სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ  მისწრაფებებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„2008 წლის შემდეგ აშშ–ის მთავრობა საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად 120 მილიონი დოლარით დაეხმარა. შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს. ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს და საქართველოს მონდომებას, შექმნას დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)