ხაშურის ორ უბანზე არჩევნების შედეგები სავარაუდოდ გაუქმდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ხაშურის 53 უბნიდან სულ ცოტა ორის შედეგები გაუქმდება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე საარჩევნო უბანზე შეიარაღებული და ნიღბიანი პირების შეჭრისა და ოქმების გაყალბების შესახებ.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა 2 ოქტომბერს, რომ მას ხაშურის რამდენიმე უბნიდან თავისი დამკვირვებლების გამოყვანა მოუხდა უსაფრთხოების მოტივით.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე განაცხადა, რომ იმ უბნებში, სადაც მისი დამკვირვებლები იყვნენ განთავსებული, ხმები უკვე დაითვალა, თუმცა ოქმების შეჯამება განზრახ ფერხდება. სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით, ამ უბნებზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მახლობლად სამართალდამცავების დიდი რაოდენობა შეინიშნება და დასძინა, რომ ხაშურის მობილური ჯგუფები ასევე იტყობინებიან ქალაქის ფარგლებში სამართალდამცავების მობილიზაციის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)