არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა სახალხო დამცველის სასურველი კანდიდატურა დაასახელა
ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა 11 ოქტომბერს, რომ მათი სურვილია, რომ იურისტი თამარ გურჩიანი ახალ სახალხო დამცველად იქნას არჩეული.
ეს პოსტი 20 სექტემბრიდან თავისუფალია მას შემდეგ, რაც ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად დანიშნა ციხის სკანდალის შემდეგ.
32 წლის თამარ გურჩიანი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეა; თავისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი მან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) გაატარა 2004–2010 წლებში; იგი ისეთ სფეროებში მუშაობდა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, ინფორმაციის თავისუფლება და მედიის სამართლებრივი დაცვა.
გურჩიანის კანდიდატურის მხარდასაჭერ ერთობლივ განცხადებას 39 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს და მათ შორის არიან საია; „სამართლიანი არჩევნები“; მრავალეროვანი საქართველო, ორგანიზაცია, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს; და ასევე ლგბტ უფლებებზე მომუშავე რამოდენიმე ორგანიზაცია.
გურჩიანმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დამკვირვებელი, შეაქო ყოფილი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მუშაობა ამ პოსტზე, თუმცა ასევე უთხრა ტელეკომპანია „მაესტროს“ 11 ოქტომბერს ტელეფონით საუბრისას, რომ არჩევის შემთხვევაში, იგი ადამიანის უფლებათა დარღვევებზე უფრო ხმამაღლა ისაუბრებს.
კანონის თანახმად, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს ხუთი წლის ვადით.
პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას ან ექვსი დეპუტატისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული, უფლება აქვს დაასახელოს კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტზე.
რამდენიმე კანდიდატის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტმა თითოეულ მათგანს უნდა უყაროს კენჭი და ის კანდიდატი, რომელიც დეპუტატების ყველაზე მეტ, თუმცა არანაკლებ 76 ხმას მოიპოვებს, დამტკიცდება ამ პოსტზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)