ნაციონალური მოძრაობა დროებით საპარლამენტო კომისიებში ბალანსის უმცირესობის სასარგებლოდ შეცვლას ითხოვს
არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეიმუშავა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ითხოვს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიებსა და სხვა დროებით კომისიებში ძალთა ბალანსი, მათ შორის კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის ხარჯზე, საპარლამენტო უმცირესობის სასარგებლოდ შეიცვალოს.
თუმცა ამ შეთავაზების გაზიარებას კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორების შეტანა ესაჭიროება, რასაც ნაციონალური მოძრაობის მიერ 29 ოქტომბერს პარლამენტში დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა არ მოიცავს.
ინიციატივას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და ასევე იურიდიული კომიტეტები მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
რეგლამენტში ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისიასა და სხვა დროებით კომისიებში უმცირესობა საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი დეპუტატით უნდა იყოს წარმოდგენილი.
თუმცა კონსტიტუციის და ასევე მასთან შესაბამისობაში რეგლამენტში დღეს მოქმედი ნორმა ითვალისწინებს, რომ დროებით კომისიებში „საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს“.
ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა ასევე გულისხმობს, რომ დროებით კომისიას საპარლამენტო უმცირესობის წარდგენილმა კანდიდატურამ უხელმძღვანელოს. არსებული ნორმით, დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
ინიციატორები კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ ცვლილებების მიზეზად კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ერთ–ერთ მძლავრ მექანიზმს წარმოადგენს, საპარლამენტო უმცირესობას უფრო მეტი წევრი უნდა ჰყავდეს, ხოლო თავმჯდომარე არ უნდა წარმოადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობას.
ნაციონალური მოძრაობის განმარტებით ბარათში, რომელშიც სიტყვა–სიტყვით არის გადმოტანილი შემდეგი მონაკვეთი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამიდან, ნათქვამია: „იმისათვის, რომ ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობამ ხელი ვერ შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურად გამოძიებას (ამის საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ეს პირები მმართველი გუნდის წევრები არიან), პარლამენტი ვალდებული უნდა იყოს, შექმნას ასეთი კომისია“.
ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც წინა ორი მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი, სულ ცოტა სამჯერ ჩააგდო კენჭისყრაზე მაშინდელი ოპოზიციის მოთხოვნა საგამოძიებო კომისიების შექმნის თაობაზე.
2007 წლის თებერვალში მაშინდელმა მმართველმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის მკვლელობების გამოძიებისათვის დროებითი კომისიის შექმნას, 2009 წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ ჩააგდო კენჭისყრაზე ეს საკითხი, ხოლო სულ ბოლოს, 2011 წლის ოქტომბერში უარი უთხრა ოპონენტების მოწოდებას საგამოძიებო კომისიას გამოეძია 2011 წლის 26 მაისის, 2007 წლის 7 ნოემბრის ოპოზიციური საპროტესტო აქციებსა და ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებული ფაქტები.
„ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში გეგმავს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, საარჩევნო დარღვევებთან ერთად, გამოიძიებს გახმაურებულ მკვლელობებს, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს.
კომისიას დიდი ალბათობით თინა ხიდაშელი, საპარლამენტო უმრავლესობიდან
რესპუბლიკელი დეპუტატი ჩაუდგება სათავეში. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, მისი მოადგილე უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად მაქსიმუმ 6 თვის ვადით იქმნება და ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენა სავალდებულოა. საგამოძიებო კომისიის მუშაობა შესაძლოა კონკრეტული თანამდებობის პირის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით დასრულდეს.
საგამოძიებო კომისიების გარდა, პარლამენტს ასევე შეუძლია შექმნას სხვა დროებითი კომისიები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემებთან დაკავშირებული პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად; და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად. წინა მოწვევის პარლამენტებში მუდმივად ფუნქციონირებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია, ასევე წინა მოწვევის პარლამენტში დროებითი კომისიის სტატუსით იმუშავა 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელმა კომისიამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)