საქართველომ შესაძლოა ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსაკრებელი გაზარდოს
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა 1 ნოემბერს, რომ შესაძლოა გადაიხედოს ბუნებრივი რესურსების მოპოვების „არაადეკვატურად დაბალი“ მოსაკრებლები.
მოსაკრებლის განაკვეთების ცვლილება, შემოღების შემთხვევაში, ისეთ რესურსებს შეეხება, როგორიცაა ოქრო, სპილენძი, მანგანუმი, მინერალური წყლები და ხე–ტყე.
ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელს კანონი ადგენს; მაგალითად ოქროს მოპოვების მოსაკრებელი 0.9 ლარს შეადგენს ერთ გრამზე; სპილენძი – 136 ლარი ერთ ტონაზე (განაკვეთი 2007 წლამდე 90 ლარს შეადგენდა); მანგანუმის – 0.012 ლარი ერთ ტონაზე (1%–იანი შემადგენლობით); მინერალური წყლები – 3 ლარი ერთ კუბურ მეტრზე.
„ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხი, იქნება ეს სასარგებლო წიაღისეული (სპილენძის, მანგანუმისა და ოქროს საბადოები), ხე-ტყე, წყლის რესურსები, მინერალური წყლები, როგორიცაა საირმე, ბორჯომი, ნაბეღლავი და სხვ.“, – განაცხადა ახალმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წერილობით განცხადებაში, „მათი ჩამონათვალი ვრცელია და ხშირად მათი ათვისება არარაციონალური მეთოდებით ხდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსაკრებელთა არაადეკვატურად დაბალი განაკვეთების გამო სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი რესურსი ფაქტიურად ისე ნიავდება, რომ ქვეყანას აქედან შესაბამისი სარგებელი არ რჩება“.
„ბევრ შემთხვევაში ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ გვეგმავთ, შევისწავლოთ ყველა დასახელებული მიმართულებით ინვესტორთა მხრიდან სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და არ გამოვრიცხავთ, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა მნიშვნელოვნად გადაიხედოს“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ერთგული რჩება „ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებისა და ვალდებულებების, რომლებიც საქართველოში ბიზნესის თავისუფლებას და მისი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)