ახალაიას და ორი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავება

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი მთავრობის გავლენიანი წევრი და პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ–ერთი უახლოესი მოკავშირე ბაჩო ახალაია და შეიარაღებული ძალების ორი მაღალჩინოსანი დააკავა ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის ბრალდებით.

ბაჩო ახალაია, რომელიც 2009–2012 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო, პროკურატურაში ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

დაახლოებით, ხუთი საათის შემდეგ, ოთხშაბათს გამთენიისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე და მე–4 ქვეითთა ბრიგადის სარდალი ზურაბ შამათავა დააკავეს იმავე საქმესთან დაკავშირებით.

მათი ადვოკატების თქმით, სამივე მათგანი უარყოფს ბრალდებებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო დაკავებები და ის წინა მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად შეაფასა.

თუმცა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დაკავებებს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და ეს „სამართლიანობის აღდგენის“ კამპანიის ნაწილია, რაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ერთ–ერთი საარჩევნო ლოზუნგია.

გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ახალაია და ორი მეთაური იქნა დაკავებული, 5 ნოემბერს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.   

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მე–4 ბრიგადის რამდენიმე ყოფილი სამხედროს ჩვენების საფუძველზე აღიძრა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ მოწმეთა წერილობით ჩვენებებში, მე–4 ბრიგადის ხუთი ყოფილი სამხედრო, რომელთაც ვინაობაც არ ხმოვანდება, ყვებიან ახალაიას და ორი დაკავებული სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ ცუდი მოპყრობის ფაქტებს თავდაცვის სამინისტროში და შემდეგ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 2011 წლის ოქტომბერში.

მე–4 ბრიგადის ერთ–ერთი ყოფილი სამხედროს თქმით, იგი თავდაცვის სამინისტროში ახალაიას კაბინეტში შეიყვანეს, სადაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლეპტოპზე ფარულად ჩაწერილი აუდიო მასალა გაუშვა, სადაც ისმის როგორ ლანძღავს ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო სარდლობას სხვა ჯარისკაცებთან პირადი საუბრისას. ამის შემდეგ, ჩვენების თანახმად, ახალაიამ ჯარისკაცს დანის ბლაგვი მხარე თავში ჩაარტყა. კიდევ ერთი ჯარისკაცი იგივე ბრიგადიდან იხსენებს, რომ მან დაინახა, თუ როგორ ცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ახალაია, კალანდაძე და შამათავა რამდენიმე სამხედროს იმავე დღეს სამხედრო ბაზაზე.

„დასაბუთებული ვარაუდი“
      
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 7 ნოემბერს, რომ ხუთი ყოფილი ჯარისკაცის მიერ მოწმის სახით მიცემულმა ჩვენებემა და თავად ახალაიას დაკითხვის შედეგებმა დანაშაულის ჩადენის შესახებ „დასაბუთებული ვარაუდი“ შექმნა. 

ამ ვარაუდის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალაიას და კიდევ ორი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე, განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ გამოძიება მუშაობს სხვა მტკიცებულებების მოპოვებაზე.

კბილაშვილის თქმით, დაკავების ერთ–ერთი მიზეზი ისააა, რომ არსებობდა შესაძლებლობა იმისა, რომ ახალაიას და ორ სამხედრო მეთაურს შესაძლოა ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის მოწმეებზე გავლენის მოხდენის გზით.

ამის გამო, განაცხადა კბილაშვილმა, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს სამივე მათგანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

არცერთი დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ – ახალაიას შემთხვევაში, ბრალდების წაყენების 48–საათიანი ვადა 8 ნოემბერს 23:50 საათზე იწურება, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს.

კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მისმა სამსახურმა მოქალაქეებისგან რამდენიმე ათეული მიმართვა მიიღო ახალაიას მიერ სხვადასხვა უკანონო ქმედებების გამოძიების მოთხოვნით, რომლებიც უკავშირდება სასჯელაღსრულების მინისტრად და შემდეგ თავდაცვის მინისტრად მისი მუშაობის პერიოდებს.

მთავარმა პროკურორმა ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიურ გადაცემაში საუბრისას გააკეთა, რომელიც გუშინ გავიდა ეთერში და რომლის დროსაც კბილაშვილს კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ძირითადი პოლიტიკური თოქშოუს ორი წამყვანი უსვამდა.

7 ნოემბერს გაკეთებულ ორ დამოუკიდებელ განცხადებაში კბილაშვილმა განაცხადა, რომ „ახალი დეტალები“ და „დამატებითი მტკიცებულებები“ იკვეთება, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ბრალდების მხარის ვერსიას ახალაიას და ორი სამხედრო მაღალჩინოსნის წინააღმდეგ.

ნაციონალური მოძრაობა დაკავებებს აპროტესტებს

კბილაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პროკურატურამ გადაწყვიტა საჯარო გახადოს მოწმეთა ჩვენებები, რათა უარყოს ის ვარაუდები, რომ დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ამ საკითხზე 7 ნოემბერს პარლამენტში დებატები გაიმართა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დაგმეს დაკავებები, რაც ახალი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური რეპრესიების კამპანიის დაწყებად შეაფასეს.

„ეს არის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური დევნა, კონკრეტული პირების მიმართ ანგარიშსწორება“, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან

„ის რაც მოხდა წუხელის, არის პირველი, ყველაზე სერიოზული ტესტი ახალი ხელისუფლებისთვის, რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება დარჩეს იმ სივრცეში, რომელზეც ამდენს საუბრობდა ამ თვეების განმავლობაში, რამდენად შეძლებს ის დარჩეს სამართლის, კანონის და სამართლიანობის სივრცეში და არ გადავიდეს პოლიტიკური ანგარიშსწრორების და პირადი შურისძიების ფორმატში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ უმცირესობის ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს დაკავებები შეშფოთების წყაროს წარმოადგენს. მისი თქმით, „სახეზეა ყველა ნიშანი პროკურატურის პოლიტიკური ამოცანისთვის გამოყენების“, რადგან „არანაირი საფუძველი ამ ადამიანების დაკავების არ არსებობდა“.
  
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 7 ნოემბერს, რომ ეს „არ ყოფილა პოლიტიკური“ დაკავებები.

„სამართლებრივად, რა თქმა უნდა, თუ კანონდარღვევები არსებობს და ჩემი აზრით, არსებობს, სამართალდამცავი სტრუქტურები გააგრძელებენ კანონიერების აღდგენას ქვეყანაში“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში კანონიერება იყოს.

ნაციონალური მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ შეიარაღებული გაერთიანებული შტაბის მეთაურის გიორგი კალანდაძის დაკავება ახალი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მცდელობას უკავშირდება, რომ მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრი დანიშნოს შტაბის უფროსად.

მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, ახალმა თავდაცვის მინსისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 31 ოქტომბერს, რომ კალანდაძის შეცვლის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა. გაერთიანებული შტაბის უფროსის დანიშვნა პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ალასანიას თავისი მოკავშირის, ვახტანგ კაპანაძის დანიშვნა სურდა ამ პოსტზე, თუმცა 2 ნოემბერს ალასანიამ განაცხადა, რომ კაპანაძე, რომელიც 2004 წელს ექვსი თვით გენშტაბის უფროსი იყო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ ინიშნებოდა.    

32 წლის ბაჩო ახალაია 2004–2005 წლებში სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობდა; 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრად; 2008–2009 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და 2009–2012 წლებში თავდაცვის მინისტრად. 2012 წლის ივლისში იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, თუმცა ციხის სკანდალის გამო სექტემბერში გადადგომა მოუწია.

პირველი სერიოზული ბრალდება ახალაიას წინააღმდეგ 2006 წელს გაისმა, როდესაც ის სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა; მაშინ ის სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც ახლა სასჯელაღსრულების მინისტრია, ასევე რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ 2006 წლის მარტში თბილისის საპყრობილეში ბუნტის გამოწვევაში დაადანაშაულეს, რაც სპეცრაზმმა ჩაახშო და რის შედეგადაც შვიდი პატიმარი დაიღუპა. აშშ–ის საელჩოს ერთ–ერთი კონფიდენციალური გზავნილის თანახმად, რომელიც WikiLeaks–ზე გამოქვეყნდა, 2009 წელს მას შემდეგ, რაც ახალაია თავდაცვის მინისტრად დანიშნა, ამერიკელმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოხატეს პრეზიდენტ სააკაშვილთან ამ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ახალაიას „ცუდი რეპუტაცია“ ჰქონდა ადამიანის უფლებებების კუთხით, როდესაც ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა.

ახალაიამ, რომელმაც გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა და მზად არის მის წინააღმდეგ მიმართულ ყველა „აბსურდულ“ და „სულელურ“ ბრალდებას უპასუხოს. მომდევნო დღეს ის პროკურატურაში დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად და დააკავეს.