მერაბიშვილი: ბრალდებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე ‘არასერიოზულია’
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი ბრალდებები, მათ შორის მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ძალაუფლების გადამეტების თაობაზე, იმდენად „არასერიოზული“ და „ბუნდოვანია“, რომ მას მათზე კომენტარის გაკეთებაც არ სურს.
„თვითონ ეს ბრალდება იმდენად არასერიოზულია, რომ მე არ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო იმიტომ, რომ ძალიან ბუნდოვანი ბრალდებაა“, – განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „P.S“ 26 ნოემბერს.
კითხვაზე ელის თუ არა ის დაპატიმრებას, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, „არაფერს არ გამოვრიცხავ“.
„საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელება მთავარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ არგებს – მე ამ შემთხვევაში ჩემი თავდაცვით არ ვარ დაკავებული, ზოგადად ვსაუბრობ – არ არგებს არც ახალ ხელისუფლებას და არც საქართველოს იმიჯს“, – განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკურ შურისძიებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, „რაც არ უნდა დიდი სოციალური დაკვეთა იყოს“.
„ჩვენ [წინა ხელისუფლებას] არც ერთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ არ განგვიხორციელებია სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა მან.
მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამას „საკუთარი თავის დაცვისთვის“ არ ამბობს.
„მე მზად ვარ პასუხი ვაგო და გავცე ყველა იმ შეკითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებას ან მართლმსაჯულებას აინტერესებს“, – განაცხადა მან.
მერაბიშვილს იმ საქმესთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე უკანონო თვალთვალს ეხება, რის გამოც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და სამინისტროს ათი თანამშრომელი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ შორის, ვისზეც კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის გზით უკანონო თვალთვალი ხორციელდებოდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებიც იყვნენ.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავად ის ფაქტი, რომ „დაზარალებული ყველა ამ შემთხვევაში არის ქართული ოცნება, ან ბიძინა ივანიშვილი ან ბანკი ქართუ“ უკვე ამ საქმეს პოლიტიკურ იერს აძლევს და „საფუძველს იძლევა, რომ ეს ჩაითვალოს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება“.
„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის საქმეები, რაც არ უნდა სოციალური დაკვეთით იყოს ნაკარნახევი, საბოლოო ჯამში, ზიანს მიაყენებს არა მარტო ხელისუფლების იმიჯს, თავისთავად ეჭვს გააჩენს საზოგადოებაში საგამოძიებო სტრუქტურების და სასამართლოების ობიექტურობაში“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეები, ხელახლა უნდა იქნას გამოძიებული, მერაბიშვილმა უპასუხა: „ყველა ამ საქმეში, ჩემი აზრით და ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი არის გარკვეული და დასკვნები დადებული“.
„როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, დამაჯერებლობა ამ საქმის სამართლიან განხორციელებაზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ეჭვს იწვევდა; და სწორედ დღეს დადგა დრო, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ ეს საქმეები ხელახლა გამოიძიოს, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოაქვეყნოს მასალები. მე ვთვლი, რომ ამ საქმეებში და ნებისმიერ სხვა საქმეში ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს და დღეს მაინც დარწმუნდება საზოგადოება იმაში, რომ ის ეჭვები, რომელიც მათ გააჩნდათ, უსაფუძვლოა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის „ყველაზე დიდი შეცდომა“, რამაც ხელი შეუწყო ყოფილი მმართველი პარტიის დამარცხებას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, იმაში მდგომარეობდა, რომ „ჩვენ არ გავმართეთ საზოგადოებაში დიალოგი და დებატები ყველა საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა“.
მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი „განახლება“ და „გაძლიერებაა“; მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ყველა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, იქნება ეს შუალედური არჩევნები, თუ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ ყველა დონის მმართველობა იყოს პირდაპირ არჩევითი. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებასთან დიალოგს გამართავს მომავალი წლის არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)