შსს: უკრაინაში ოლეგ მელნიკოვი დააკავეს
უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 7 დეკემბერში კიევში საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ მელნიკოვი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ოლეგ მელნიკოვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი აქვს წაყენებული იმ საქმეზე, რომელიც თითქმის რვა წლის წინ პოლიციის თანამშრომლების ცემას ეხება. მასთან ერთად იმავე საქმეზე ანალოგიური ბრალდება აქვთ წაყენებული და იძებნებიან შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, მისი ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე და გერონტი (გია) ალანია. ეს უკანასკნელი კუდ-ის იმ ოთხ თანამშრომელს შორის იყო, რომლებიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს და 2009 წელს შეიწყალეს.
ოლეგ მელნიკოვი 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. ბრალდებები დღემდე ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ მაშინ დამალა მისი და შსს–ს კიდევ რამდენიმე თანამშრომლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან. ამჟამად, პროკურატურა საქმეს ხელახლა იძიებს.
შსს–ს განცხადებით, მელნიკოვის საქართველოში ექსტრადაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)