საახალწლო მიმართვაში სააკაშვილი მთავრობას თანამშრომლობის ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს
- ‘პირველი – მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა’;
- ‘მეორე – უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების კამპანია’;
- ‘მესამე – მოდით, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა’;
- ‘მეოთხე – შეწყდეს შეტევა თვითმართველობებზე’;
- ‘მეხუთე – მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართველი ეკონომიკისადმი და ზოგადად საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას’.
თავის საახალწლო მიმართვაში ერისადმი პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „დაღმა მიმავალი სპირალის“ მდგომარეობაში იმყოფება, რასაც თან ახლავს „დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა“ და ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების „სისტემატიური დეგრადაცია“.
თავის 13 წუთიან წინასაახალწლო ვიდეო მიმართვაში სააკაშვილმა ხუთპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა იმისა, თუ „რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დღეს ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“.
„ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა კარგია, თუ ის გვაახლოებს ევროპასთან, თუ ის აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს… ბოლოს და ბოლოს თუ ის უფრო უკეთესს ხდის ადამიანების ცხოვრებას. ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარების უმთავრესი მიზანი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა არ ნიშნავს ამ მიზნის ავტომატურად მიღწევას. ისტორია ხომ უამრავ მაგალითს იცნობს, როდესაც დემოკრატიის დასამარცხებლად სწორედ დემოკრატიაა იარაღად გამოყენებული, ანუ როდესაც დემოკრატიის სახელითა და დემოკრატიული გზით არჩეული პოლიტიკოსი ამ გამარჯვებას ისევ დემოკრატიის გასანადგურებლად იყენებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ჩვენ, როგორც ქვეყანამ და საზოგადოებამ, ამ მიმართულებით პირველი დიდი გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო დიდი გამოცდა გველის წინ – თუ რამდენად შევძლებთ უკვე ჩვენს მიერ შექმნილი დემოკრატიული მონაპოვრის შენარჩუნებას“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი რიტორიკა მას ერთ ანდაზას აგონებს, რომ „გახსოვდეთ, ფუნთუშაზე ოცნება მხოლოდ ოცნებაა და არა ფუნთუშა“.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ მოახდინოს ფოკუსირება ფართომასშტაბიან პროექტებზე, შეცდომააა, რაც ხელს უშლის ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
„ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაძაბულობის განცდა, რაც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისა და ნებსით თუ უნებლიედ, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას“, – განაცხადა მან.
„სამწუხაროდ, ახალი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ იბრძოდეს ხალხის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გაცემული დაპირებების შესასრულებლად, იბრძვის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად; ოპოზიციისა და პოლიტიკური კონკურენციის მთლიანად გასანადგურებლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მთავრობის და მისი მხარდამჭერების მიერ რეგიონებში ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლა „ქვეყანაში ქმნის ქაოსის, განუკითხაობის, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს და დიდი ტემპით მიგვაქანებს წარსულისკენ“.
„მიმდინარეობს სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ანგრევს თავად სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„შეიძლება ხელისუფლების შეცდომებისა და გამოუცდელობის გამო, მიმდინარეობს საქართველოს დასავლელ მოკავშირეებთან და ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების სისტემატიური დეგრადაცია – მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის გეგმაზომიერი პროცესი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, „გართულებული კრმინალური მდგომარეობა“ და ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული „უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები“ – მას სავარაუდოდ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჰქონდა მხედველობაში – „ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქუჩებისა თუ უბნების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს დაცულობას აგრესორისგან“.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი ვითარება ხელს უწყობს „ინვესტორთა ნდობის დაკარგვას“ და ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას.
„ეს საგანგაშო ნიშნებია“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამგვარ სიტუაციას დაუყონებლივ ესაჭიროება შველა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას შეუძლია ამ ვითარების გამოსწორება, ვიდრე უსაშველოდ გვიან არ არის და მე მზად ვარ, მაქსიმალურად დავეხმარო ხელისუფლებას ვითარების გაუარესების თავიდან აცილებაში“, – განაცხადა მან, „მინდა, მმართველ პარტიას და მის ლიდერს [პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს] შევთავაზო ჩემი მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, რათა, სანამ დროა, ერთიანი ძალებით გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ დაღმა მიმავალი სპირალიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და არ დავუშვათ ისეთ უფსკრულში გადავარდნა, საიდანაც ძალიან დიდი ხანი ვეღარ ამოვალთ“.
ამ მიზნით, განაცხადა მან, მას აქვს „კონკრეტული ხუთპუნქტიანი გეგმა“.
„პირველი – მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. ეს მეც მეხება და ამისთვის მზად ვარ. მოდით დავანებოთ თავი ერთმანეთის დამნაშავეებად, მტარვალებად და მოღალატეებად შერაცხვას. კრიტიკა იქნება და უნდა იყოს, მაგრამ მოდით, ნუ დავუშვებთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას. ჩვენ ყველას გვყავს მხარდამჭერები და ამ რიტორიკით ჩვენ თვითონვე გავხლეჩთ საზოგადოებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მეორე – უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია; უნდა შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა; უნდა შეწყდეს წინა ხელისუფლების პირსისხლიან დამნაშავეებად მონათვლის უსაფუძვლო მცდელობა – ეს ასე არ არის – და რაც არ არის, იმას ვერანაირი მართლმსაჯულება ვერ დაამტკიცებს. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს – არა. უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ შეუძლებელია განვითარდეს იმ ქვეყნის ეკონომიკა, სადაც მთავარი სიახლე ყოველდღე არის ის, თუ ვინ დაიჭირეს, ვინ დაიბარეს დაკითხვაზე და ვის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა მან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ აპირებენ შესთავაზონ პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას დაიწყონ მოლაპარაკებები წინა ხელისუფლების წარმომადგებლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებზე შესაძლო ამნისტიასთან დაკავშირებით. თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამნისტია არ შეეხება ძალადობრივ დანაშაულებს და სახელმწიფო სახსრების ფართომასშტაბიან მითვისებას.
„მესამე – მოდით, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მეოთხე – შეწყდეს შეტევა თვითმართველობებზე“, – აღნიშნა მან.
„მეხუთე – მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართველი ეკონომიკისადმი და ზოგადად საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას. მოდით, ჩემს მიერ შემოთავაზებულ ოთხივე ნაბიჯთან ერთად მოვიწვიოთ დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთად გავუძღვებით“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მოდით, ერთად ვაჩვენოთ ყველას, რომ ვართ ცივილიზებული და სანდო ქვეყანა ცხარე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად“.
„მინდა ყველას ვთხოვო, რომ ეს ჩემი 5-პუნქტიანი შეთავაზება, არ მიიღონ, როგორც პოლიტიკური თამაში. ამ შეთავაზებით, მე, უპირველეს ყოვლისა, მმართველ პარტიასა და მის ლიდერს ვთავაზობ გზას წარმატებისკენ, რადგან ქვეყნის წარმატება, ხალხის წარმატება, უწინარესად, ხელისუფლების წარმატება იქნება“, – განაცხადა მან, „ეს ხუთპუნქტიანი შეთავაზება არც საახალწლო სადღეგრძელო არ არის და არც ულტიმატუმი“.
„ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისათვის, რომ გავაჩეროთ ქვეყნის უკუსვლა და წავიდეთ წინ“, – განაცხადა მან, „მე ვაპირებ, რომ მომავალი კვირების, და თუ საჭირო იქნება, თვეების, განმავლობაში ყველა ქართველს ავუხსნა, თუ რატომ არის ეს ხუთი ნაბიჯი აუცილებელი საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის“.
„ამ ხუთპუნქტიანი გეგმით, მე ვუწვდი თანამშრომლობის ხელს საქართველოს მთავრობას“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)