პუტინი საქართველოს პატრიარქს საიუბილეო თარიღებს ულოცავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მისი აღსაყდრებიდან 35 წლისთავს, ასევე 80 წლის იუბილეს ულოცავს და მისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ღრმად აფასებს მის „თბილ ურთიერთობებს“ რუსეთთან.
„თქვენი მრავალწლიანი საპასუხისმგებლო მისია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის – ქრისტიანული მსოფლიოს ერთ-ერთი ძირძველი მართლმადიდებლური ეკლესიის – წინამძღვრად წარმოადგენს თავდადებული სასულიერო მსახურების მაგალითს“, – ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში, „ეკლესიისა და სამშობლოსათვის დაუღალავი შრომის წლებში თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მართლმადიდებლობის გაძლიერებაში, ქართულ საზოგადოებაში მარადიული ზნეობრივი ფასეულობების დამკვიდრებაში“.
„ღრმად ვაფასებთ რუსეთთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თქვენს თბილ ურთიერთობებს. თქვენი პირადი ძალისხმევა, მოწოდებები მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ, შემოქმედებითობისკენ, თანხმობისა და ერთობისკენ დიდად უწყობდა ხელს მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი კავშირების შენარჩუნებას ჩვენს ერებს შორის ისტორიის რთულ ეტაპებზე", – ნათქვამია წერილში, რომელიც 11 იანვარს კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ნაყოფიერი სასულიერო, კულტურული, ჰუმანიტარული დიალოგი საიმედო საფუძველი გახდება რუსეთსა და საქართველოს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის“, – აცხადებს პუტინი და პატრიარქს „ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“ უსურვებს.
პუტინის წერილი ილია მეორეს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში მიხეილ შვიდკოიმ 11 იანვარს გადასცა, რომელიც თბილისში პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებებს ესწრება სხვა უცხოელ სტუმრებთან ერთად.
ეს ღონიძიებები დაახლოებით ერთი კვირით უსწრებს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს, სადაც ილია მეორე 21 იანვარს დაგეგმილ ცერემონიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდოს მიიღებს.
მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდი ყოველწლიურად აჯილდოვებს პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს, ასევე საზოგადო მოღვაწეებს „მართლმადიდებელი ქრისტიანი ერების ერთობის გაძლიერების“ საქმეში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში იმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)