პრეზიდენტი იმ ელჩების სიას აქვეყნებს, რომელთა შეცვლაც ფანჯიკიძეს სურს
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორშაბათს იმ ქართველი ელჩების სია გამოაქვეყნა, რომელთა შეცვლაც საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს სურს და მათ შორის არიან ელჩები ბერლინში, ლონდონში, ბრიუსელში, პეკინსა და ანკარაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მან პრეზიდენტ სააკაშვილს გასული წლის ბოლოს გაუგზავნა და სადაც მას ათზე მეტი ელჩის გათავისუფლებას და კიდევ ხუთი ელჩის ჩანაცვლებას სთხოვს დიპლომატიური როტაციის ფარგლებში.
ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილება პრეზიდენტს აქვს მინიჭებული. მას შესაბამისი რეკომენდაციით შეუძლია საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართოს.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, მან რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტს იმ ელჩების სია წარუდგინა, რომელთა შეცვლაც სურდა; ფანჯიკიძემ ასევე რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ პროცესს აჭიანურებდა.
იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილი რამდენიმე ქვეყნიდან ელჩებს გამოიწვევს; თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები იმ დიპლომატებს ეხებოდათ, რომელთა უფლებამოსილების ვადაც იწურებოდა, და არა იმათ, რომელთა გათავისუფლებასაც საგარეო საქმეთა მინისტრი ითხოვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს და პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილებში.
საგარეო უწყება თავს იკავებდა იმ ელჩების სიის გამოქვეყნებისგან, რომელთა შეცვლაც სურდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედიან: საქართველოს ელჩი გერმანიაში გაბრიელა ჰასბურგ- ლოტრინგენი, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2009 წლის ნოემბერში დაამტკიცა; ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე, რომელიც ამ პოსტზე 2008 წლის დეკემბერში დამტკიცდა; ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, რომელსაც ელჩის თანამდებობა 2005 წლის აპრილიდან უკავია.
სიაში ასევე შედიან: მამუკა ჟღენტი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 2011 წლის დასაწყისიდან; ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2011 წლის ივნისში დაინიშნა; ელჩი თურქეთში ზურაბ პატარაძე, რომელიც ამ პოსტზე შარშან ივნისში დამტკიცდა; ელჩი ყაზახეთში დავით მუმლაძე; ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე; ელჩი ლიტვაში გიორგი ქერდიყოშვილი და ელჩი ბულგარეთში ლევან მეტრეველი.
სიაში ასევე შედიან ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაეროში, თემურ იაკობაშვილი და ალექსანდრე ლომაია; ორივე მათგანმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ გადადგომას აპირებდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)