ღარიბაშვილი, ხადური ვაშინგტონს სტუმრობენ, ალასანია ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დამოუკიდებელი ვიზიტებით აშშ-ს სტუმრობენ, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებულ სამეფოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შსს-ს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 1 თებერვლამდე გაგრძელდება, ორი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავს შეხვედრებზე, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს დირექტორებთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში იგეგმება.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 4 თებერვლამდე დაგეგმილ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, რომლის დროსაც მხარეები მიმდინარე პროექტებს და თანამშრომლობის გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო პერსპექტივას განიხილავენ, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო.
იმავდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს, სადაც დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან. თავდაცვის უწყების ცნობით, ირაკლი ალასანია ასევე მონაწილეობას მიიღებს 29 იანვარს „ჩეთემ ჰაუზში“ დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)