დეპუტატმა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა

ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის დატოვების შესახებ პარლამენტის ბიუროს ოფიციალური განცხადებით 5 თებერვალს მიმართა.

მარიკა ვერულაშვილი, რომელიც დეპუტატობამდე რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, მეათე დეპუტატია, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის რიგები ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ დატოვა. შედეგად საპარლამენტო უმცირესობაში ამჟამად 55 დეპუტატი რჩება იმ 65 დეპუტატიდან, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ პარლამენტში გაიყვანა.

ვერულაშვილს მისი გადაწყვეტილების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ჯერ არ უსაუბრია. 

მისი სახელი პრეზიდენტმა სააკაშვილმა იანვარში ახსენა, როცა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებდა. სააკაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ვერულაშვილი იყო ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელზეც ახალი ხელისუფლება „მეუღლის დაჭერის“ მუქარით  „ზეწოლას“ ახორციელებდა, რათა მას ნაციონალური მოძრაობა დაეტოვებინა.

ნაციონალური მოძრაობა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაგროვებლად მისი დეპუტატების გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობა ამ ბრალდებებს უარყოფს. 

ამჟამად უმრავლესობაში ოფიციალურად 83 დეპუტატია გაერთიანებული. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“  ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, რაც არ არის საკმარისი კონსტიტუციაში შესწორების შეტანისთვის, რასაც 100 ხმა სჭირდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)