ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს 27 აპრილს აირჩევენ

ნაძალადევის,  სამტრედიისა და ბაღდათის ერთმანდატიან ოლქებში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს 27 აპრილს აირჩევენ.

ცესკომ შუალედური არჩევნების თარიღი 15 თებერვალს მიღებული განკარგულებით განსაზღვრა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საკანონმდებლო შესწორება, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება ოქტომბერთან ერთად აპრილის თვეშიც გახდა შესაძლებელი.

ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს – იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 147 დეპუტატია წარმოდგენილი და შუალედური არჩევნების შედეგად, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ როგორც პარტიების მიერ ნომინირებულ, ისე დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათი რაოდენობა 150-მდე შეივსება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)