სასამართლომ დაკითხვაზე უგულავას იძულებით მიყვანის მოთხოვნა დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პოლიციის მიმართვა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ დაკითხვაზე მოწმის სახით იძულებით წარდგენის შესახებ ერთი კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით.
გიგი უგულავა ორჯერ იქნა გამოძახებული პოლიციაში, თუმცა ის დაკითხვაზე არ გამოცხადდა და სასამართლოს თქმით, „არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი აცნობა გამომძიებელს“.
მართალია თბილსის მერს ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს, თუმცა ის პოლიციის განყოფილებაში მისვლის წინააღმდეგ გამოვიდა და სანაცვლოდ გამომძიებლები მერიაში მიიწვია. შსს-მ უარი განაცხადა მისი შეთავაზების გაზიარებაზე და მის მიმართ იძულებითი ზომების გასატარებლად სასამართლოს მიმართა.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოწმის სახით დასაკითხი პირის, გიორგი უგულავას გამოძიების წარმოების ადგილას მოყვანის კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
გიგი უგულავას დაკითხვა 16 თებერვალს 15 საათისთვის დაინიშნა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მერიამ განაცხადა, რომ გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)