ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური ამნისტიის პროექტის ინიცირებისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას, რომ შეიმუშავოს პოლიტიკური ამნისტიის პროექტი, რათა ბევრი ადამიანი არ დაისაჯოს „სამართლიანობის აღდგენის“ მიმდინარე პროცესში, რომელიც, მისი თქმით, „ხელოვნურად არ შეჩერდება“.
 
„მათ ჰქონდათ საშუალება და აქვთ საშუალება დღესაც, იმუშაონ ამნისტიაზე, რამეთუ არ არის ჩვენი პოლიტიკური სურვილი რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაისაჯოს. ამავდროულად ვაცხადებ, რომ არ მოხდება არც ჩემი მხრიდან და ვერცერთი სხვა, პარტიის წევრის თუ მთავრობის წევრის მხრიდან, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალოს ვინმემ, რომ ჩვენ ხელოვნურად, მე პირადად დავურეკო მთავარ პროკურორს ან ჩავერიო პროკურატურის საქმეებში და ამით მოვახერხო როგორმე შევაჩერო მსგავსი დაკითხვები ან მსგავსი გამოძახებები“, – განაცხადა მან მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა თხოვეს კომენტარი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას დაკითხვის ფაქტზე.

პოლიტიკური ამნისტიის განხორციელების იდეა პირველად ქართულმა ოცნებამ დეკემბერის ბოლოს გააჟღერა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი შეეხებოდა წინა მთავრობის წამომადგენლებისთვის მსუბუქი პოლიტიკური დანაშაულის პატიებას და შესაძლო ამნისტია არ გავრცელდებოდა ძალადობრივ დანაშაულებზე.

16 თებერვალს ჟურნალისტებთან კომენტარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ სააკაშვილს იანვარში საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე შეახსენა, რომ „აგრესული და ძალადობრივი რიტორიკის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, რომ მათ ეფიქრათ ამნისტიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი დაისჯება და ძალიან ბევრს მოუწევს პასუხისგება, ამის სანაცვლოდ სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავას და მერაბიშვილიც არიან გმირები და ისინი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში“.

„როგორც ჩანს ასე აქვს დაგეგმილი სააკაშვილს“, – განაგრძო მან, „როგორც ჩანს, სააკაშვილს ლიდერობა არ დაუკარგავს გუნდში და ემორჩილებიან; და მისი იდეოლოგიაა რაც შეიძლება მეტი ნაციონალური მოძრაობის წევრი დაისაჯოს კანონიერად“, რათა დასავლეთში წარმოაჩინონ, რომ „ეს არის პოლიტიკური დევნა“.

„ის [მიხეილ სააკაშვილი] მარტო საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა მან, „ჩვენ განუხრელად გავყვებით პოზიციას… რომ აუცილებლად საქართველოში უნდა აღდგეს სამართლიანობა“.

„ამავდროულად პოლიტიკურად კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ არის ჩემი სურვილი ის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაისაჯოს. ამისთვის არსებობს ამნისტია“, – დასძინა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)