პროკურატურა სასამართლოსგან უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აქვს ბრალი წარდგენილი, უფლებამოსილება შეუჩერდეს, განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კვირას.
უგულავამ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერია, თბილისის მერის არჩევნებში 2010 წელს გაიმარჯვა.
ამას გარდა, პროკურატურამ სთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ უგულავას, რომელსაც 23 თებერვალს დაკავების გარეშე წარედგინა ბრალი, 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდოს.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 24 თებერვალს, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი დიდი ოდენობის გირაოს შეფარდება სწორია, რადგანაც ორი დამოუკიდებელი საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომლებზეც უგულავას ბრალი წარედგინა, დაახლოებით 20 მილიონი ლარის სახელმწიფო სახსრებს მოიცავს.
პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ გამოძიების პროცესში უგულავას ქვეყნის დატოვება აეკრძალოს, განაცხადა კბილაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ორშაბათს გადაწყვეტს, დაუწესებს თუ არა უგულავას რაიმე სახის შეზღუდვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)