ივანიშვილი სააკაშვილის ‘უპასუხისმგებლო’ განცხადებების გამო ბოდიშს იხდის
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის პრეზიდენტ სააკაშვილის „უპასუხისმგებლო“ ქმედებებისა და განცხადებების გამო, რაც, მისი თქმით, „უხერხულ მდგომარეობაში“ აყენებს „მეგობარი სახელმწიფოების“ მთავრობებს.
წერილობით განცხადებაში, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა, პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უცხოური ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირთან და ნატოსთან ნაკისრი ვალდებულებები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში.
„ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ“, – აცხადებს პრემიერ–მინისტრი განცხადებაში.
წერილობით განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ პრეზიდენტის რომელი განცხადებებისა და ქმედებების გამო იხდის პრემიერ–მინისტრი ბოდიშს, თუმცა ივანიშვილმა ეს საკითხი 4 მარტს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას წამოწია.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მან მოუწოდა პრეზიდენტს შეეწყვიტა ისეთი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს აყენებს „ჩვენ საგარეო პოლიტიკას“ და „ჩვენ ურთიერთობებს მეზობლებთან“.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინაში ძებნილი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს და ასევე რუსეთის სანიტარული სამსახურის დელეგაციის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აბსოლუტურად მიუღებელია.
„ვთხოვე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბოდიშს მოიხდიდა, ვინაიდან თუ თვითონ არ მოიხდიდა ბოდიშს, მე ვაპირებ ამას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 28 თებერვალს, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე „სცენარს“ ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთს რამდენიმე მდიდარი ეთნიკური აზერბაიჯანელის გამოყენება სურდა ამ მიზნით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ნავრუზ მამედოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები „მოულოდნელია“; მისი თქმით, იმ დროს, როდესაც გარკვეული პარალელები შეიძლება გამოინახოს საქართველოში და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს შორის, უამრავი სხვაობაც არსებობს. მამედოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები რუსეთის აზერბაიჯანული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენლის შესახებ მისი საკუთარი შეხედულებაა და ასეთი საკითხები არც განხილულა და არც მათი განხილვის საჭიროება არ ყოფილა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის დროს. მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანი ახსენა რუსეთის შესახებ საკუთარი შეხედულებების გამოხატვისას.
როდესაც სააკაშვილს აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ არსებულ უთანხმოებაზე ჰკითხეს, მან უპასუხა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ ყველას შეეძლო დაენახა როგორი დახვედრა მოუწყვეს მას ბაქოში და როგორი დადებითი გამოხმაურება მოყვა მის ვიზიტს აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან.
თებერვლის ბოლოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა უკრაინის მოქალაქეს სვიატოსლავ მელაის, რომელსაც უკრაინაში შესაძლო ექსტრადიცია ემუქრებოდა, სადაც იგი თაღლითობის ბრალდებით იძებნება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა 1 მარტს, რომ საქმის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მელაის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან „პირადი ანგარიშწორების“ შედეგია, რის გამოც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
იმავდროულად, საქართველოს ახალ მთავრობას შსს–ს ყოფილი თანამშრომლის ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია სურს უკრაინიდან. ოლეგ მელნიკოვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი აქვს წაყენებული იმ საქმეზე, რომელიც თითქმის რვა წლის წინ პოლიციის თანამშრომლების ცემას ეხება. მასთან ერთად იმავე საქმეზე ანალოგიური ბრალდება აქვთ წაყენებული და იძებნებიან შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, მისი ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე და გერონტი (გია) ალანია. ეს უკანასკნელი კუდ-ის იმ ოთხ თანამშრომელს შორის იყო, რომლებიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს და 2009 წელს შეიწყალეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)