ახალაია ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე უარს აცხადებს

ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიმ, რომელსაც წამებაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი, მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა. 

დანარჩენმა ბრალდებულებმაც იმავე საქმეზე, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ, მოსამართლის მიერ მათი საქმეების განხილვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.

შუამდგომლობა საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის თაობაზე პროკურატურამ წარადგინა. 

იანვარში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც შესაძლებელი გახდა იმ საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ბრალდებულნი.

ბრალდებულების ადვოკატებმა მათი კლიენტების გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ნაფიცი მსაჯულები მიკერძოებულები იქნებიან ბრალდებულების წინააღმდეგ. 

ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ და პროკურატურამ ხელი შეუწყვეს მისი კლიენტის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობის ჩამოყალიბებას.

„ნაფიც მსაჯულებზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ წარმოაჩინა პროკურატურამ ბრალდებული, კერძოდ ბაჩანა ახალაია ისეთ პირობებში, რომ მოსახლეობას შეუქმნა ისეთი განწყობა, რომ იგი არა მარტო ამ დანაშაულში, არამედ სხვა დანაშაულშიც არის დამნაშავე, წარმოაჩინა ძალიან ცუდ პიროვნებად და აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, ვინც ნაფიც მსაჯულად მიიღებდა მონაწილეობას,  იქნებოდა მიკერძოებული და მას წინასწარ ექნებოდა ჩამოყალიბებული თავისი ვერსია და აქედან გამომდინარე არ იქნებოდა ობიექტური ეს გადაწყვეტილება“, – განუცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა.

ნოემბრის დასაწყისში, როდესაც ახალაია დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მას თავდაპირველად უფლებამოსილების გადამეტებაში დასდეს ბრალი, რაც 2011 წლის ოქტომბერში, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის საქმეს ეხებოდა.

მაშინ მას თავისუფლების უკანონო აღკვეთა დასდეს ბრალად, რაც 2011 წლის სექტემბერში ერთი ადამიანის ცემას და რამდენიმე საათით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ბრალდებას მოიცავდა.

რაც შეეხება წამების ბრალდებას, რომელიც მას ნოემბრის შუა რიცხვებში წაუყენეს, ის უკავშირდება მისი თავდაცვის მინისტრობის დროს 2010 წლის თებერვალში ათზე მეტი ჯარისკაცის წინააღმდეგ არაჰუმანური მოპყრობის საქმეს.

5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასწარ სასამართლო მოსმენაზე  მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საქმეში წარმოდგენილი რვავე ბრალდებულის – ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, გაგა მკურნალიძის,  ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, ალექსანდრე გორგაძის, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილის (დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში იმყოფებიან) წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
 
მოსამართლის ამ გადაწყევტილების გამოცხადებისას ბრალდებულების მომხრეებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

დაცვის მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით ითხოვდა. 

თუმცა, მოსამართლე ეკა არეშიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის დაწყების თაობაზე, რომელიც 18 მარტს დაინიშნა.

იმ ბრალდებების გარდა, რომელიც მიმდინარე პროცესზე განიხილება, პროკურატურამ 1 მარტს და 2 მარტს ახალაიას დამატებითი ბრალდებები წაუყენა.

1 მარტს პროკურატურამ ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ ბაჩო  ახალაიამ, როდესაც იგი 2006 წლის მარტში პენიტენციალურ სისტემას ხელმძღვანელობდა, რამდენიმე პატიმარი ცემა, რასაც ორთაჭალის მე–5 საპყრობილეში მოყვა ბუნტი,  რომლის შედეგადაც შვიდი პატიმარი დაიღუპა.

2 მარტს პროკურატურამ ახალაიას ბრალი წაუყენა წამების, არაჰუმანური მოპყრობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საქმე ეხება 2012 წლის აგვისტოში, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობას იმ პოლიტიკური სიმპათიების გამო, რომელიც მათ "ქართული ოცნების", მაშინდელი ოპოზიციური კოალიციის მიმართ გააჩნდათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)