ღვინის მწარმოებელმა 36 კომპანიამ შესაძლოა რუსეთში ექსპორტი განაახლოს

36 ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ და ოთხმა მინერალური წყლის მწარმოებელმა, მათ შორის ბორჯომმა, მიიღეს ნებართვა რეგისტრაციისათვის მიმართონ რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი პროდუქციის რუსეთში ექსპორტირების თაობაზე, განაცხადა რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ,  „როსპოტრებნადზორმა“ 6 მარტს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტები 25 თებერვლიდან 1 მარტამდე სტუმრობდნენ საქართველოს ღვინისა და მინერალური წყლების საწარმოების ინსპექტირების მიზნით.

„როსპოტრებნადზორის“ დელეგაციის მორიგი ვიზიტი მარტის ბოლოს იგეგმება, რათა ათობით დარჩენილი ღვინის ის საწარმოები შემოწმდეს, რომლებმაც რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი ასევე გამოთქვეს. 

„როსპოტრებნადზორმა“ თავის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ექსპერტთა მეორე ჯგუფის ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტს დაუშვას თუ არა ქართული ჭაჭის არყის რუსულ ბაზარზე დაბრუნება.

 რუსეთმა ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და დაგმო ემბარგო, როგორც ქართული ეკონომიკის ძირგამომთხრელი მცდელობა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)