ფანჯიკიძის თქმით, პრეზიდენტი ახალი ელჩების დანიშვნას აჭიანურებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ ცხრა ახალი ელჩის დანიშვნის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რომელთა კანდიდატურებიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ცხრა ელჩის კანდიდატურა, მათ შორის ვაშინგტონსა და ბრიუსელში დიპლომატიურ პოსტებზე, პარლამენტმა 20 თებერვალს დაამტკიცა. ახალი კანდიდატები პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა, როგორც ამას კანონი მოითხოვს, თუმცა რეალურად კანდიდატები პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მთავრობამ შეარჩია.

„მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი შეიძლებოდა პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან. თუკი პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას, რომელმაც აირჩია ეს პარლამენტი და შესაბამისად, ეს მთავრობა, მაშინ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩების დანიშვნის ხელის მოწერას რა უდგას წინ?“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „პოზიცია“ საუბრისას 15 მარტს.

მისი თქმით, კანონი რაიმე ზღვრულ ვადებს არ უწესებს პრეზიდენტს ელჩების დანიშვნაზე ხელმოსაწერად. „მას შეუძლია ეს გაჭიმოს კიდევ დიდხანს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

„დღესაც რომ მოაწეროს ხელი, პროცედურა, რომელიც შემდეგ უნდა გაიაროს ელჩის კანდიდატურამ, იმდენ დროს მოითხოვს, რომ ჩვენ შეიძლება რეალურად ზაფხულამდე ელჩები ვერ გავუშვათ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.    

მან განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს არ ყავს ელჩები 14 ქვეყენაში და დასძინა, რომ ეს არ უწყობს ხელს საგარეო პოლიტიკური მიზნების ეფექტურ განხორციელებას.

„თანაცხოვრების ეს ელემენტი, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატებას, მათ შორის ევროკავშირთან, ნატოსთან, დე–ოკუპაციასთან მიმართებაში – ყველაფერ ამას სჭირდება გამართული ძლიერი დიპლომატიური კორპუსი, ხოლო პრეზიდენტი და მისი გუნდი ხელოვნურად ქმნიან ბარიერებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა ვერ იმუშავოს გამართულად. ეს მე მიმაჩნია, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი ახლოვდება და როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მუშაობის საბოლოო ეტაპი მიმდინარეობს. ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ იგი ელის, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა მიმდინარე თვეში დასრულდება; მისი თქმით, ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაამტკიცებენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც მისი პარაფირება მოხდება.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)