ბიზნეს გაერთიანებები შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ზოგიერთი დებულების წინააღმდეგ გამოდიან
ბიზნეს გაერთიანებებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ზოგიერთ პუნქტს გადახედონ, სანამ მას პარლამენტი დაამტკიცებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გააფრთხილეს, რომ ეს სადავო პუნქტები უმუშევრობის შემდგომ ზრდას და ბიზნესის სტაგნაციას გამოიწვევს.
ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC) 15 აპრილს ცალ–ცალკე განცხადებები გამოაქვეყნეს, სადაც ორივე ორგანიზაცია პარლამენტს და მთავრობას მათი წუხილების დაუყონებლივ განხილვისკენ მოუწოდებს.
2006 წელს მიღებული საქართველოს შრომის კოდექსი წლების განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო პროფკავშირების კრიტიკის წყაროს წარმოადგენს, ვინაიდან მათი შეფასებით, ეს დოკუმენტი დამსაქმებლებს გაცილებით მომგებიან პირობებს უქმნის, ხოლო დასაქმებულებს ყოველგვარი ბერკეტების გარეშე ტოვებს. შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი ცვლილებები მოამზადა, რომლებიც მთავრობის თქმით, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის „დაბალანსებულ“ ურთიერთობებს უზრუნველყოფს. ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უნდა განიხილოს.
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, რომელიც 150–ზე მეტ მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიას აერთიანებს, თავის განცხადებაში მიესალმა ბიზნეს ასოციაციებთან მთავრობის ჩართულობას პროექტის შემუშავების პროცესში. იგი ასევე მიესალმა ინიციატივას, რომ შეიქმნას „დაბალანსებული და სამართლიანი“ შრომის კოდექსი, ასევე შემოთავაზებებს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, გაძლიერდეს მექანიზმები, რათა დასაქმებულს ხელი მიუწვდებოდეს სამსახურის პირობების შესახებ ინფორმაციაზე, უფრო ნათელი გახდეს ზეგანაკვეთური ანაზღაურების წესები, გაძლიერდეს კანონი არასრულწლოვანთა დასაქმების, დასაქმებულთა უსაფრთხოების კუთხით, ასევე იმ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს პასუხისმგებლიან და გამჭვირვალე შრომით ურთიერთობებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია კონტრაქტი გააფორმოს ნებისმიერ შრომით ურთიერთობაზე, რომელიც სამ თვეზე მეტხანს გრძელდება.
კანონპროექტის თანახმად, განსაზღვრული ვადის მქონე კონტრაქტების დადება მხოლოდ იმ რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა სამსახური დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან, სეზონურ სამუშაოსთან, სამსახურში დროებით არმყოფი თანამშრომლის ჩანაცვლებასთან; ასევე სამუშაო ძალის დროებითი გაზრდის და სხვა ობიექტური გარემოებების არსებობისას. სხვა შემთხვევებში, დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან უვადო ხელშეკრულებები გააფორმონ.
ამერიკის სავაჭრო პალატამ გააფრთხილა, რომ კანონპროექტის ის დებულება, რომელიც ავალდებულებს კომპანიებს შრომითი ხელშეკრულება გააფორმონ 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისას, „არარეალურია“.
„მცირე და საშუალო კომპანიებს დააწვებათ დიდი ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯი იმისთვის, რომ ხელშეკრულება გაუფორმონ ყველა დასაქმებულს, ვისაც 3 თვეზე მეტი ვადით აიყვანენ სამუშაოდ“, – განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატამ, „ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები ზოგად პრაქტიკას წარმოადგენს მსოფლიოში, ასე რომ, მუდმივი ხელშეკრულებების სისტემაზე გადასვლა იქნება რადიკალური გადახვევა გავრცელებული ბიზნეს პრაქტიკიდან და საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, უმუშევრობა გაიზრდება, რაც უკანასნელია, რაც რომელიმე ჩვენგანს სურს“.
ამერიკის სავაჭრო პალატამ განაცხადა, რომ კომპანიებს უნდა შეეძლოთ ერთწლიანი კონტრაქტების გაფორმება დასაქმებულებთან და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ დასაქმებას, ერთის მხრივ, და უკეთეს ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას კომპანიებისთვის, მეორეს მხრივ.
თავის განცხადებაში საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ასზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციას აერთიანებს, ასევე გააფრთხილა კანონპროექტის ამ პუნქტის შესახებ და აღნიშნა 15 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომ უვადო ხელშეკრულებების ვალდებულება „მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს კონკურენციასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და ხელს შეუწყობს არაოფიციალურ დასაქმებას“.
შემოთავაზებული პროექტის თანახმად, დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო დრო კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს; ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ ამ საათობრივი ლიმიტის ზევით შესრულებული სამუშაო, რომელიც ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, რომელთაც ასევე ექნებათ უფლება შეთანხმდნენ ანაზღაურების ნაცვლად დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
ამერიკის სავაჭრო პალატა აცხადებს, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ცვლებში მუშაობის წესს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
„ზოგიერთი სპეციფიკური სამუშაო (დაცვის სამსახური, სამედიცინო დაწესებულებები, საწარმოები, საჰაერო კონტროლი და ა.შ.) მოითხოვს მოქნილ სამუშაო დროს კვირის განმავლობაში. ზოგიერთ სამუშაოზე ერთი კვირა შესაძლებელია სამუშაო დრო 40 საათზე მეტიც იყოს, ხოლო შემდეგი კვირა 40 საათზე ნაკლები. ზოგიერთ კომპანიას აქვს 2 კვირა სამუშაო და შემდეგი ორი კვირა დასვენება და დასაქმებულებისთვის ასეთი გრაფიკი მისაღები და სასურველია. კანონმდებლობით შესაძლებელი უნდა იყოს, რომ მხარეთა შეთანხმებით კვირის სამუშაო დრო განისაზღვროს 40 საათზე მეტით და ეს კომპენსირდებოდეს შესაბამისი დასვენების დროით“, – აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატა.
ორგანიზაციამ გააფრთხილა, რომ ამ საკითხისადმი არამოქნილი მიდგომა ისეთ ვითარებას გამოიწვევს, სადაც დამსაქმებლებს მოუწევთ დასაქმებულებისთვის ან ხელფასის იმ რაოდენობით შემცირება, რომ ანაზღაურდეს მათთვის ზეგანაკვეთურად გადასახადი თანხა, ან მათი სამუშაო საათების შემცირება.
„გაიზრდება რისკი გაუფორმებელი და შესაბამისად დაუბეგრავი დასაქმებულების არსებობისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადი ერთ-ერთი უმთავრესი შემოსავალია ქვეყნის ბიუჯეტში [საშემოსავლო გადასახადებიდან შემოსავლები 2013 წლის ბიუჯეტში 1.81 მილიარდი ლარით განისაზღვრა], ასეთი რისკი ფრთხილად უნდა შეფასდეს პარლამენტის და გადასახადის მომგროვებელი ორგანოს მიერ“, – განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატამ.
ამერიკის სავაჭრო პალატამ ასევე გამოხატა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიებს არ ექნებათ უფლება შრომით ხელშეკრულებაში ჩადონ ურთიერთშეთანხმებული პირობა, რომელიც აუკრძალავს დასაქმებულს გამოიყენოს შრომითი ურთიერთობებისას მიღებული კონფიდენციალური ცოდნა და ინფორმაცია სამუშაოს დატოვებიდან გარკვეული დროის განმავლობაში და ასევე მის მიწოდებას კონკურენტი დამსაქმებლისთვის.
პროექტში თორმეტზე მეტი გარემოებაა ჩამოთვლილი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს; თუმცა ეს სია არ შეიცავს პუნქტს, რომელსაც არსებული შრომის კოდექსი ითვალისწინებს და რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლოს. პროექტში ჩამოთვლილ მიზეზებს შორისაა: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც განაპირობებს წარმოებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას; დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს დატოვება საკუთარი ინიციატივით; დასაქმებულის კვალიფიკაციის ანდა პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან; ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც შეუძლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას; ვალდებულების სისტემატური დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეკომენდაციას იძლევა, რომ „დამსაქმებლებს შეუნარჩუნდეთ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, სამართლიანი და ადექვატური საფუძვლის წარდგენით და დასაქმებულების კომპენსირებით“.
ორგანიზაციამ გააფრთხილა, რომ ეს პუნქტი და ასევე უვადო ხელშეკრულებების დაკანონება გამოიწვევს „უამრავ სასამართლო დავას, რაც კომპანიებს აიძულებს დროის და რესურსების ხარჯვას დავებზე. ცვლილებები უზარმაზარ ზეგავლენას მოახდენენ მცირე და საშუალო ბიზნესებზე“.
„ICC-საქართველო გამოთქვამს შეშფოთებას იმ პოტენციურ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით, რომლებსაც გამოიწვევს არა-ბალანსირებული შრომის კოდექსის პროექტი ეკონომიკაზე. შრომის კოდექსის პროექტის მიღებამდე, რეალურ შესაძლებლობად შეიძლება მიღებული იქნას თანამშრომლების განთავისუფლება, როგორც უპირატესი ღონისძიება. ამ პერიოდში, როდესაც მთავრობა ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, აზრს მოკლებულია ბიზნესისა და ინვესტორებისათვის არამეგობრული შრომის კოდექსის მიღება. აღნიშნული გამოიწვევს ოფიციალური უმუშევრობის და არაოფიციალური და არადოკუმენტირებული დასაქმების ზრდას“, – ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)