ფანჯიკიძე ბრიუსელში აშშ–ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ბრიუსელში 24 აპრილს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა, სადაც მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები,  ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე  ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

„ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა თემაზე, რომელიც ეხება ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობას. მან [ჯონ კერიმ], რასაკვირველია, ხაზი გაუსვა ისევ ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. გარდა ამისა, მადლობა გადაგვიხადა ავღანეთში საქართველოს წვლილისათვის, რომელიც მას შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით, დაინტერესდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, რომელიც მან ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის თქმით, ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ამერიკაში უახლოეს პერიოდში შესაძლო ვიზიტის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ–ში საქართველოს ახალი ელჩი არჩილ გეგეშიძე და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი.

ფანჯიკიძე ბრიუსელში  ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება. 23 აპრილს მან უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან. 

23 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის სამ კოლეგასთან ერთად ნატოს ასპირანტი ქვეყნებიდან – ბოსნია და ჰერცეგოვინა; მონტენეგრო და მაკედონია – მონაწილეობა მიიღო ნატოს წევრ სამ სახელმწიფოსთან – პოლონეთი, რუმინეთი და თურქეთი – გამართულ შეხვედრაში. 

ფანჯიკიძის თქმით,  ალიანსის სწორედ ამ სამ წევრს ეკუთვნის ინიციატივა ახალი 3+4 ფორმატის შესახებ, რათა უფრო აქტიური ჩართულობა არსებობდეს ასპირანტ ქვეყნებთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)