საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა პირველ კვარტალში 5%–ით შემცირდა
საქართველოს იანვარ-მარტის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აშშ დოლარებში 2007-2013 წლების პერიოდში. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2013 წლის იანვარ–მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5%–ით ნაკლებია.
საქართველოს ექსპორტმა იანვარ–მარტში 565 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%–ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 1.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8%–იანი კლებაა 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–მარტში 1.01 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.7%–იანი კლებაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ–მარტში 306.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა თურქეთიდან 269 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან თურქეთში მხოლოდ 37.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 296.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; უკრაინა – 157.3 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 156 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი –121.3 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 104.8 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 102.6 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 84 მილიონი აშშ დოლარი; რუმინეთი – 70.9 მილიონი აშშ დოლარი და ბულგარეთი – 66.2 მილიონი აშშ დოლარი.
2013 წლის იანვარ–მარტში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.8% შეადგინა – 140.4 მილიონი აშშ დოლარით, რაც 33.1%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 67.7 მილიონი აშშ დოლარით იანვარ–მარტში (12%–იანი წილი მთლიან ექსპორტში); აზოტოვანი სასუქები – 36.3 მილიონი აშშ დოლარით (6.4%); თხილი – 18 მილიონი აშშ დოლარით (3.2%); სპირტი ეთილის არადენატურირებული –17.6 მილიონი აშშ დოლარით (3.1%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 16.5 მილიონი აშშ დოლარით (2.9%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 14.9 მილიონი აშშ დოლარით (2.7%).
მინერალური წყლების ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 2.8% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.5%–ით გაიზარდა და 15.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ქართული ღვინის ექსპორტი 34%–ით გაიზარდა და პირველ კვარტალში 13.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შედეგად, მისმა წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2.4% შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის პირველ კვარტალში ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 174 მლნ აშშ დოლარი (11%–იანი წილი მთლიან იმპორტში იანვარ–მარტში); სხვა იმპორტირებული საქონლის მსგავსად (გამონაკლისს წარმოადგენს მობილური ტელეფონები, რკინიგზის სამგზავრო ვაგონები და ხორცი), იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მოცულობაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 141.7 მლნ დოლარი შეადგინა; ნახშირწყალბადები – 102.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 55.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 27.07 მლნ აშშ დოლარი (22.6%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან); რკინიგზის სამგზავრო ვაგონები – 27.01 მილიონი აშშ დოლარი; ხორბალი – 22.6 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 19.3 მლნ აშშ დოლარი; ხორცი – 16.69 მლმ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 16.62 მლნ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)