სააკაშვილი ბაიდენს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა და საქართველოსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 27 აპრილს.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თემაზე.
„ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ თვალსაზრისით, პროგრესი დამოკიდებულია დამოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებასა და დაწყებული რეფორმების გაგრძელებაზე“, – იტყობინება პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახური და დასძენს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა სააკაშვილს მადლობა გადაუხადა როგორც „ქართული დემოკრატიის განვითარების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“, ისე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობისთვის.
„თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევდა, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.
აშშ-ში სტუმრობის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალში.
ამ ღონისძიებას სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა; ასევე პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი; პრეზიდენტები ჯორჯ ბუში უფროსი და ჯიმი კარტერი.
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)