სააკაშვილი ბაქოში ალიევს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში 7 მაისს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდა, იტყობინებიან პრეზიდენტების პრესსამსახურები.

პირისპირ შეხვედრისას სააკაშვილმა და ალიევმა ორი ქვეყნის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის  ყურადღება გაამახვილეს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ერთობლივ პროექტზე, რასაც „ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, რადგან „ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდება, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია“, ნათქვამია შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრისა და მადრიდის კლუბის მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის ფორუმის მუშაობაში, რომელზეც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა თემაზე „ღია საზოგადოება, როგორც რთული კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის საშუალება“.

დემოკრატიის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობენ ილჰამ ალიევი, იორდანიის დედოფალი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტარია ჰალონენი, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, მადრიდი კლუბის პრეზიდენტი, ნიდერლანდელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიმ კოკი და 300-ზე მეტი ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)