ალასანია აცხადებს, რომ თურქეთთან სამხედრო მრეწველობაში თანამშრომლობას განიხილავს
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ანკარასთან სამხედრო მრეწველობაში „ერთობლივი პროექტების“ განხორციელების პოტენციალს მიმდინარე კვირას თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის დროს განიხილავს.
„თურქეთთან ვხსნით ძალიან დიდი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ აქვთ ძალიან სერიოზული სამხედრო ინდუსტრია. მე ხვალ [ხუთშაბათს] საღამოს უკვე მივემგზავრები თურქეთში… შეიძლება მათთან ერთობლივი სამხედრო პროექტები განვახორციელოთ“, – განუცხადა ალასანიამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 8 მაისს.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს [სამხედრო–სამრეწველო კომპლექს] დელტას ჩვენი ინდუსტრიის წინ წაწევისთვის, გამოყენებული იქნება და ჩვენ შევთანხმდებით ეფექტურ თანამშრომლობაზე თურქეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც“, – დასძინა მან.
საინფორმაციო სააგენტო Azeri-Press Agency–ი იტყობინებოდა თვის დასაწყისში ანონიმურ აზერბაიჯანულ „სამხედრო წყაროებზე“ დაყრდნობით, რომ თბილისმა ბაქოს ერთობლივი საწარმოს შექმნა შესთავაზა "თვილავიამშენში" მოიერიშე თვითმფრინავის Su-25-ის „მოდერნიზებული მოდელების“ საწარმოებლად.
„თბილავიამშენი“, რომლის პრივატიზაციაც 2004 წელს განხორციელდა, 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, რაც ხელისუფლების თქმით, სამხედრო სარემონტო–სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბების გეგმის ფარგლებში განხორციელდა. ამჟამად, კომპანია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას” ნაწილია. მას შემდეგ, „დელტამ“ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ გამოუშვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)